საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე რეკომენდაციები წარუდგინა.
აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 11 ოქტომბერს, აუდიტის ჯგუფმა სხდომაზე განიხილა 2 ანგარიში: შპს სტარტაპ საქართველოს ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი აუდიტის ანგარიში.
„რეკომენდაციების პროექტი მომზადებულია შპს სტარტაპ საქართველოს ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე. აუდიტი მოიცავდა 2016-2021 წლებს და სულ გაცემული იყო 7 რეკომენდაცია, რომელთაგან ყველას დაეთანხმნენ და წარმოადგინეს გეგმა, როდის და როგორ შეასრულებენ ამ რეკომენდაციებს. სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2020-2021 წლების საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი აუდიტის ანგარიშით გაიცა 4 რეკომენდაცია, რომელსაც დაეთანხმა სამსახური და წარმოადგინა რეკომენდაციების შესრულების შესაბამისი გეგმა“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე რეკომენდაციები დაამტკიცა.