ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა. კომიტეტმა პირველი მოსმენით ასევე განიხილა კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დეპუტატთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, შემოთავაზებული ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ 2024 წლის 31 ივლისამდე საქართველოს ბაზარზე განთავსებული საკუთარი პროდუქტის სრულად რეალიზაცია 2025 წლის პირველ აპრილამდე მოახდინონ. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ 8 თვით ხდება მოქმედი კანონის იმ ნორმის გადავადება, რომლითაც 2024 წლის 31 ივლისიდან იკრძალება თამბაქოს რეალიზაცია სადა შეფუთვის გარეშე.
ცვლილებების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები საერთოდ არ უნდა გავრცელდეს გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება ის რეგულაციები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გაამკაცრებს, ეს გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე. მისი თქმით, მიზანშეწონილია აღნიშნულ პირებს მიეცეს გარკვეული ვადა, რათა მათ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება შეძლონ და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ.
თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სტანდარტული შეფუთვის რეგულაციები თავდაპირველად ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, ამ პუნქტის ამოქმედება ჯერ 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გადავადდა 2024 წლის 1-ელ ივლისამდე.
როგორც კომიტეტის წევრებმა ვლადიმერ კახაძემ და დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადეს, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, საერთაშორისო ორგანიზაციების და დარგის სპეციალისტების მიერ დადებითადაა შეფასებული და ამ დიდი წარმატების შემდეგ, დღევანდელი ინიციატივა არის უკან გადადგმული ნაბიჯი.
თამბაქოს კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის გიორგი მაღრაძის შეფასებით, შემოთავაზებული ინიციატივა კონკრეტული ინდუსტრიის, კონკრეტული მეწარმის ინტერესებს ითვალისწინებს, რის დაშვებაც არ შეიძლება.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე და ირმა ზავრადაშვილი.
საბოლოოდ, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.