საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესს" პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრმა პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის" რიგებიდან ხათუნა ლაგაზიძის გასვლის რეალურ მიზეზებზე ინფორმაცია მიაწოდა.
წყაროს ინფორმაციით, ხმაურიანი წასვლის მიზეზი, საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირებამ და ხათუნა ლაგაზიძის მხრიდან მოთხოვნილმა 200 ათასმა დოლარმა განაპირობა.
თავდაპირველად ლაგაზიძე პაატა ბურჭულაძესთან შეთანხმებით პარტიის სიაში რიგით მეექვსე ნომერი უნდა ყოფილიყო, თუმცა მას შემდეგ რაც, ბურჭულაძემ ახალი მოთამაშეები შემოიერთა ხათუნა ლაგაზიძე სიის ათეულიდან ამოვარდა და მხოლოდ მეცამეტე ნომრად ყოფნა შესთავაზეს.
ინფორმატორის ცნობით, ხათუნა ლაგაზიძემ პარტიულ სიაში გადანაცვლების სანაცვლოდ, პაატა ბურჭულაძეს 200 000 დოლარი მოსთხოვა, რაზეც ბურჭულაძისაგან უარი მიიღო. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამ ხათუნა ლაგაზიძის გაღიზიანება გამოიწვია პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის" ხმაურიანი განცხადებებით დატოვა.
მარშალპრესი შეეცადა გადაემოწმებინა პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია ხათუნა ლაგაზიძესთან, თუმცა ლაგაზიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.