მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ერთობლივი განცხადება შეაფასა. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მსგავსი განცხადებები საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების დაზიანებისკენ არის მიმართული.
„იმედი გვაქვს იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავა, რა თქმა უნდა პოზიტიური თვალსაზრისით. ყველა ნიშანია ამისა. ამ ფონზე განსაკუთრებულ ისტერიაში არიან და ცდილობენ, რომ ურთიერთობების გაღრმავებას კი არ შეუწყონ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, არამედ ხელი შეუშალონ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ამის გამოძახილი იყო გუშინაც ის ე.წ. საერთო პლატფორმიდან გამომდინარე განცხადებების კეთდება, რაც აზიანებს და პირდაპირ მიმართულია ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობების დაზიანებისკენ“, - აცხადებს მდინარაძე.
30 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს.