„საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან ერთად უკვე აქვს ახალი შესაძლებლობა, რომ შეასრულოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია. ეს არის რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობა და განმტკიცება და უდავოდ, ეს ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია, როლი და ინიციატივა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის სახელით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სწორედ ხელისუფლებამ, საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერით, შეძლო თერთმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა უმთავრეს ეროვნულ მიზანს - მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
„საქართველო დღეს მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან სტაბილური რეგიონი მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ახალი ტრანსნაციონალური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის. ამისათვის საქართველო, ცხადია, გახდა საიმედო და თანასწორი პარტნიორი ჩვენი რეგიონის ორი მნიშვნელოვანი წევრის - სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, საქართველომ აშშ-სთან ერთად უკვე აჩვენა მსოფლიოს წარმატებული მედიაციის მაგალითი 2022 წელს, როცა ჩვენი მედიაციით მიღწეული შეთანხმებით, შესაძლებელი გახდა პატიმრების გადაცემა და დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ აიღო ჩვენი ხელისუფლების სახელით პოლიტიკური ინიციატივა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა მოლაპარაკებების საქართველოში გამართვა. პროცესი დაიწყო და იმედი გვაქვს წარმატებით დასრულდება. სტაბილური რეგიონი მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი ტრანსნაციონალური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველო იძენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ფუნქციას - რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და განმტკიცების ფუნქციას, ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო აძლიერებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.