logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას: ბრალი საქართველოს წინაშე ყველას ერთიანად მიგიძღვით, ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეთ და ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიებში მონაწილეობთ
- +

31 ოქტომბერი. 2023. 13:35

 

 

ოპოზიციის მიერ დაგებულ მახეებში, როგორც მოსალოდნელი იყო, თავად ოპოზიცია გაიხლართა და ახლა ზოგიერთები ამაოდ, ცდილობენ საზოგადოების თვალში სახის შენარჩუნებას, თუმცა არა შეცდომების აღიარებით, არამედ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების კორიანტელით. ბრალი საქართველოს წინაშე ყველას ერთიანად მიგიძღვით, ვინც კანდიდატის სტატუსი ბრძოლის იარაღად აქციეთ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეთ და ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიებში იღებთ მონაწილეობას“, - ამის შესახებ პლენარულ სესიაზე გამოსვლისას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, როდესაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ელჩის მცდელობას, რომ ვაშინგტონმა პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში, „ნაცმოძრაობის“ ელიტამ სასწრაფოდ გადალახა ატლანტის ოკეანე და ახალი ტყუილების გუდა ჩაიტანა ვაშინგტონში

 

წელიწადზე მეტია ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსის მოლოდინებზე. ახლოვდება იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო, რომელმაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნაბიჯით წინ უნდა წასწიოს. წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, იმისათვის, რომ საქართველო პირნათელი იყოს შემდგომი, დეკემბრის გადაწყვეტილების მოლოდინში.

 

წელიწადზე მეტია, ვხედავთ ოპოზიციის და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართულ დაუღალავ ძალისხმევას და კამპანიებს, მათ შორის ლობისტური საქმიანობით მიმხრობილი უცხოელი აქტორების მონაწილეობით.

 

ეს ყველაფერი კულმინაციას უახლოვდება. ოპოზიციის მიერ დაგებულ მახეებში, როგორც მოსალოდნელი იყო, თავად ოპოზიცია გაიხლართა და ახლა ზოგიერთები ამაოდ, ცდილობენ საზოგადოების თვალში სახის შენარჩუნებას, თუმცა არა შეცდომების აღიარებით, არამედ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების კორიანტელით.

 

ბრალი საქართველოს წინაშე ყველას ერთიანად მიგიძღვით, ვინც კანდიდატის სტატუსი ბრძოლის იარაღად აქციეთ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეთ და ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიებში იღებთ მონაწილეობას.

 

კარგად გვახსოვს, როგორ მონათლეთ საკუთარი სამშობლო ,,მაჩანჩალად”, მაშინ როდესაც 2014 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო დამსახურებულად ყოფილიყო ლიდერი ასოცირებულ სამეულს შორის.

 

კარგად გვახსოვს, როგორ დადეთ ბრალი საკუთარ ქვეყანას და უწოდეთ ,,შავი ხვრელი”, მაშინ როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს ევროკავშირს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების აღსრულებაში.

 

ვნახეთ, როგორ იხდით ფულს საკუთარი ქვეყნის ,,გაშავებაში’’. სურათის მეტი სიმძაფრისთვის, საკუთარი ბელადიც კი აშიმშილეთ, სცადეთ საკუთარი სამშობლოს ხან ,,ბელარუსიზაცია”, ხან ,,პუტინიზაცია” და ხანაც ,,გარუსება”…“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ეს ხდება მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მცირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრები და მატულობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების სამართლიანობაზე მიუთითებენ, მაშინ, როდესაც რუსეთს დავარქვით ,,ოკუპანტი” არა შეძახილებით, არამედ საერთაშორისო სასამართლოში საქმეების მოგებით და სასამართლოს გადაწყვეტილებებით.

 

იმასაც ვხედავთ, როგორ ეთამაშებით ცეცხლს პირდაპირი გაგებით, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში.მშვიდობა, რომელიც ყველაზე სანატრელია უახლოეს ისტორიაში, რამდენიმე ომს გამოვლილი ქვეყნისთვის. ვხედავთ, როგორ ცდილობთ ქართველი ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნას.

 

თუმცა, ამ წარუმატებელი იდეის ავტორებს დაავიწყდათ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება ხალხის რჩეულია და ისევ საზოგადოებას მოუწია მიეჩინა თქვენთვის საკადრისი ადგილი, როდესაც სცადეთ ხალხის სახელით სპეკულირება (გიორგი ვაშაძესაც ემახსოვრება ეს ამბავი კარგად).

 

ალბათ, ამ წარუმატებელი იდეის წარუმატებელი გაგრძელებაა პრეზიდენტის ფრთის გადაფარება ოპოზიციის ბუდეზეც.

 

იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის მცდელობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში (გახსოვთ ალბათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, სულ ცოტა ხნის წინ აშშ-სა და ევროკავშირის სამიტის დოკუმენტშიც აისახა), „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტამ სასწრაფოდ გადალახა ატლანტის ოკეანე და ახალი ტყუილების გუდა ჩაიტანა ვაშინგტონში.

 

იქნებ მიხვდეთ, რომ ბრიუსელში და ვაშინგტონში შეიძლება კიდევ ვინმე შეიყვანოთ შეცდომაში, თქვენი დაქირავებული მხარდამჭერების მეშვეობით, მაგრამ ამ ყველაფრის შემხედვარე ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ.

 

მე მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებასაც. ხალხის სახელით მოვაჭრე ოპოზიციას კი ისევ ქართველი ხალხი გაგცემთ საკადრის პასუხს ყველა იმ მავნებლობისთვის, რასაც ქვეყნის წინაშე ჩადიხართ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner