„როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი დაბრუნებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იუსტიციის მინისტრის ასევე უპასუხა კითხვას „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც ფიქრობს, რომ სამართლიანი არ იქნება თუ მიხეილ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
„მიხეილ სააკაშვილი თავად იძახის, რომ არის უკრაინელი და ეს არის დადასტურებული ფაქტი, ეს შეიძლება, ლევან ხაბეიშვილისეული აღქმა იყოს სამართლიანობის, მაგრამ მას ვურჩევდი ელემენტარულად გაერკვეს საქართველოს კანონმდებლობაში, იმეცადინოს და უფრო მეტად დრო დაუთმოს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის შიგნით. როგორ უნდა მიიღოს დაპატიმრებულმა მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, მსგავსი კითხვა ალბათ უფრო იუმორისტულ ჟანრს მიეკუთვნება, ამ ადამიანს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება, პოლიტიკური წევრობის, არ დაგავიწყდეთ. ეს ადამიანი იყო მთავარსარდალი მათ შორის, რომელ მთავარსარდალს მიუტოვებია საკუთარი სახელმწიფო მოქალაქეობა და წასულა სხვა სახელმწიფოს სამსახურში. მთავარსარდლები საკუთარ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეობას არ ტოვებენ სხვა სამსახურის გამო“, - განაცხადა ბრეგაძემ.