logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: თბილისი თანმიმდევრულად იბრუნებს რეგიონულ და ამასთან ისტორიულ მნიშვნელობას და მშვიდობიანი კავკასიის მამოძრავებელი ძალა ხდება
- +

31 ოქტომბერი. 2023. 14:25

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა გასული კვირის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა და გასული დღეები როგორც ეკონომიკური და სოციალური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით,  უმნიშვნელოვანეს კვირად შეაფასა.

 

„დავიწყებ აბრეშუმის გზის ფორუმით, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ჩატარდა და რომელიც თავისი მნიშვნელობით დიდ დამაკავშირებელ ფუნქციას ატარებს სხვადასხვა კულტურებსა და ქვეყნების სავაჭრო პოტენციალის გაცნობისა თუ ათვისების მიზნით. წლევანდელი ფორუმი ნამდვილად იყო დიდი შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის პოტენციალის წარმოჩენისთვის, მიღწევებისა თუ პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. ქვეყნის შესახებ, რომელსაც სასიცოცხლო კავშირის განვითარება შეუძლია ევროპა-აზიას შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. აბრეშუმის გზის ფორუმს, წელს ისტორიული შეიძლება ვუწოდოთ. სულ რაღაც 8 წელიწადში ამ უდიდესმა ღონისძიებამ არამარტო ეკონომიკური, არამედ კომპლექსური რეგიონული შედეგები მოგვიტანა. როდესაც ფორუმს დაპირისპირებული მხარეები, ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში მყოფი მხარეები ხსნიან, ეს საქართველოს როლსა და ადგილს კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს. აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივითა და  შუამავლობით წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.

 

თბილისი თანმიმდევრულად იბრუნებს რეგიონულ და ამასთან ისტორიულ მნიშვნელობას და მშვიდობიანი კავკასიის მამოძრავებელი ძალა ხდება და ეს ფაქტია - შემდგარი და თვალნათელი ფაქტი.

 

ყველა ვხედავთ, რომ ასეთი მიღწევებისთვის და სწორად განსაზღვრული ფუნქციის შესრულებისა და გამყარებისთვის, ხელისუფლება როგორ მუშაობს, რამდენ პროექტს ასრულებს დინამიკაში. სწორედ ეს სინერგიული მოქმედებები განაპირობებს და ხდის მიმზიდველს შუა დერეფანს - ადამიანების, ტვირთებისა და ტრანსპორტის სტაბილური და უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ზუსტად ერთ-ერთი ასეთი პროექტია სამი დღის წინ, რიკოთის ახალი მაგისტრალის გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა, რომელიც 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

მისივე შეფასებით, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში და მთელ რეგიონში.

 

„რიკოთი აღარ არის მხოლოდ უღელტეხილი ან გზა, რომელიც საქართველოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებდა. რიკოთი ხდება სიმბოლო ზოგადად აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების. საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, გაზრდის სატრანზიტო ტვირთბრუნვას, შეამცირებს ტვირთებისა და ნაკადების გადაადგილების დროს და უკვე ახლო პერსპექტივაში მოიტანს მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს. შუა დერეფანზე საუბრისას, არ შემიძლია არ შევეხო, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტს, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდგომ ჩინეთთან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი როგორც სავაჭრო ბრუნვა, ასევე ექსპორტი. ამ კუთხით, პარლამენტს კიდევ უფრო მეტი როლი ენიჭება - ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა და კანონპროექტია განსახილველი უკვე ამ კვირაში და შემდგომ სასესიო პერიოდში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner