„იყო რეკომენდაცია, რეკომენდაციის შესაბამისად იყო ამ პროექტის დაინიცირება აუცილებელი. ჩვენ, კონკრეტულ დეპუტატებს გვქონდა დეტალური მიმოწერა და ყველა წერტილი და მძიმე, ყველა სიტყვა შეთანხმებულია ევროკომისიის წარმომადგენლებთან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „მაუწყებლობის შესახებ“კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„შეთავაზებული იყო სამი ვერსია და პასუხად, რომლის მოწონებაც დაგვიბრუნეს, ის ვერსია მივიღეთ, აქედან გამომდინარე, ვეტოს მოთხოვნა ნიშნავს, ევრორეკომენდაციის შესრულებაზე ვეტოს დადების მოთხოვნას“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ევროკავშირის ელჩის არაერთი განმარტება, რომ „მაუწყებლობის შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ოპოზიციისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა. მათი კრიტიკის ობიექტი კომუნიკაციების კომისიაა, რომლის თავმჯდომარეც ამბობს, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა, აღსრულების პროცესი კი გამჭვირვალე იქნება.