„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუდაურში სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული ახალი ინვესტიციები, რაც მთლიანად განაახლებს გუდაურის კურორტს და მას განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. უმოკლეს დროში, ფაქტიურად, 5-6 თვის განმავლობაში შევძელით ორი ახალი საბაგირო გზის აშენება, რომელიც უკვე მიმდინარე წლის სეზონისთვის გაიხსნება და ჩვენი ვიზიტორები, ტურისტები, სათხილამურო სპორტის მოყვარულები იხილავენ განახლებულ ინფრასტრუქტურას“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც გუდაურში 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მიმდინარე სამზადისს გაეცნო.
მინისტრმა ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დაათვალიერა, რომელთა მშენებლობასაც ახალ გუდაურში ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს. ლევან დავითაშვილთან ერთად გუდაურში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და „Doppalmayr“ სამხრეთ კავკასიის დირექტორი, ნიკოლოზ გრძელიძე იმყოფებოდნენ.
ვიცე-პრემიერის თქმით, განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ გუდაური მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
„რა თქმა უნდა, ეს თანხვედრაშია არსებული კურორტების განვითარების გეგმასთან. გვაქვს გუდაურის გენგეგმა, რომელიც საბოლოოდ ითვალისწინებს 17 000-მდე მოთხილამურის ერთდროულად მომსახურებას დღე-ღამის განმავლობაში, ზუსტად ამ გეგმას მივყვებით ინფრასტრუქტურის განვითარებით. გასულ წლებში ასევე ინტენსიური მუშაობა გვქონდა ბაკურიანის მიმართულებით, იქაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ახალი სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რომელიც კურორტს გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში მოემსახურება და მიმზიდველს გახდის, თუმცა, გუდაურის მიმართულებით არ გვქონდა ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები გასულ წელს, მაგრამ წელს დაიგეგმა და ხორციელდება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები ამით არ სრულდება და გუდაურში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მისივე შეფასებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გუდაური მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
„ზოგადად, მთის კურორტების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამუშაოები განვახორციელეთ, მათ შორის, ბაკურიანის, სვანეთის, გოდერძის მიმართულებით და მთის კურორტები მომზადებული ხვდება ახალ სეზონს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვიზიტორები და ტურისტები ამას დააფასებენ, რადგან ბევრად უფრო მაღალი დონის და ხარისხის სათხილამურო ტრასები დახვდებათ მიმდინარე წელს ტურისტებს, ასევე გაუმჯობესებული იქნება დამატებით დამხმარე ინფრასტრუქტურა, მანიშნებლები, საინფორმაციო დაფები, ელექტრონული მონიტორები და ყველა ის საჭირო ატრიბუტიკა, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს სათხილამურო კურორტებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.