“ფაქტია, რომ ხმის პარალელური დათვლის ყალბი მონაცემები ვრცელდებოდა, ფაქტია, რომ USAID-მა ეს იცოდა და უმალავდა ქართველ ხალხს, რაზეც დიდი ხანია, ველოდები პასუხს და აუცილებლად მივიღებ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას უპასუხა.
„ჩამოყალიბდით, პარლამენტის წევრი ხართ, USAID-ის თანამშრომელი თუ მომავალში გსურთ იქ მუშაობა. პრობლემა ის არის, რომ თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად ვერ გრძნობთ თავს და იყურებით სხვაგან, ნაცვლად იმისა, რომ იყურებოდეთ ხალხისკენ.
2020 წლის არჩევნებში „ისფედის“ მხრიდან ყალბი პარალელური დათვლის შედეგები ვრცელდებოდა. არის თუ არა ეს მართალი? არის. „ისფედის“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ მან მალევე აცნობა USAID-ის წარმომადგენლობას იმის თაობაზე, რომ მონაცემები სწორი არ იყო. USAID-ის წარმომადგენელმა, სულ მცირე, ერთი თვით ადრე იცოდა, ვიდრე საჯარო გახდებოდა ქართველი ხალხისთვის, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი და არავინ არაფერი უთხრა ქართველ ხალხს, თანაც იმ პირობებში, როცა ამერიკის საელჩო ფასილიტატორად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, ეს თუ არ განაღვლებთ, მაშინ პატრიოტიზმის არანაირი გრძნობა არ გქონიათ. ფაქტია, რომ პარალელური დათვლის ყალბი მონაცემები ვრცელდებოდა, ფაქტია, რომ USAID-მა ეს იცოდა და ფაქტია, რომ ამას უმალავდა ქართველ ხალხს, რაზეც დიდი ხანია, ველოდები პასუხს, რა თქმა უნდა, დაველოდები და აუცილებლად მივიღებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თეონა აქუბარდიამ პლენრულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა: „სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციულ პროცესში წამყვანი როლი იკისრეთ, რადგან მთელი მსოფლიო როცა საუბრობს, რომ რუსეთი ერევა დემოკრატიულ არჩევნებში, თქვენ თქვით, რომ USAID-ი იყო ამ ყველაფერში გარეული და ევროკავშირი ახალისებსო, ისევე, როგორც USAID-ი ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოშიო“.