„ძალისხმევას არ იშურებენ, რომ დააზიანონ ფონი საქართველოსთან დაკავშირებით, თუკი ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ეს კითხვის ნიშანი კი არ გააქრონ, პირიქით, რაც შეიძლება მეტი კითხვის ნიშანი გააჩინონ“, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა რეკომენდაციების შესასრულებლად და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან იმუშავა იმისთვის, რომ მათი პოლიტიკური პოზიცია პოზიტიური ყოფილიყო.
„ეს ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ იყვნენ თუნდაც ვაშინგტონში, არც მალავენ რისთვის იყვნენ ჩასულები - უნდათ საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იხილონ დასანქცირებული. როგორ შეიძლება ამ ადამიანებზე იფიქრო, რომ ამ ადამიანებს საერთოდ აწუხებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, როცა მათი ერთადერთი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ რაც საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მიმართ იხილონ შემზღუდავი ზომები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.