"თუკი, სალომე ზურაბიშვილმა არ იცის (მეეჭვება, რომ მან არ იცოდეს), რომ ქვეყნის ხელისუფლება წარადგენს სახელმწიფოს იმიჯს საერთაშორისო არენაზე და როდესაც შენ ხელისუფლებას ანადგურებ და აი ამ დონეზე მოიხსენებ, ე.ი შენ ანადგურებ შენი სახელმწიფოს იმიჯს საერთაშორისო არენაზე," - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძე გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.
ჩიბურდანიძემ მოღალატე უწოდა ყველა იმ პარლამენტარს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამი სიტყვები გამახსენდა, როდესაც მან მოსამართლეებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების დროს, მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე შემდეგ მთავრობას მოუწია თავის მართლება და ა.შ.
ირაკლი კობახიძე მეტი კონკრეტიკისკენ აღარ წავიდა, თუმცა აღნიშნა ლამის ომი გამოიწვია რეგიონშიო. წარმომიდგენია, რას იტყოდა სალომე ზურაბიშვილი. ეს არის დიდი თემა, აქვს ბევრი სათქმელი მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ლიდერებს, რასაც ვერ და არ ამბობენ ელემენტარული პოლიტიკური ეთიკიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერი გასაგები იყო, რაც თქვა ირაკლი კობახიძემ.
გუშინდელი დღის შემდეგ, თუკი ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, ის ადამიანი უკვე ფსიქიკურად არის შესამოწმებელი.
ერთადერთი რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა ამ ინტერვიუთი, მან ცივი წყალი გადაასხა იმ დეპუტატებს პარლამენტში, რომლებმაც ხმა არ მისცეს მის იმპიჩმენტს და ფაქტობრივად, ამ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა - უსიტყვოდ უთხრა ცუდი სიტყვა, რისი ღირსებიც არიან.
ის დეპუტატები, რომლებიც ამბობდნენ, რომ თურმე პრეზიდენტი ჩვენს ევროპული გზის ინტერესებს, მომავლის პერსპექტივას იცავს უცხოეთში და ამიტომ დადის ვიზიტებზე, გუშინ ამ დეპუტატებმაც კარგად დაინახეს, რომ თურმე ამისთვის კი არ დადის, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ლანძღოს, აგინოს. ღიად რას ამბობს და წარმომიდგენია, კულისებში რას იტყოდა.
ანუ ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ასე მტრულად ექცევა საკუთარ ქვეყანას, დადის ამ გადამწყვეტ ეტაპზე სახელმწიფოებში, ინტერვიუს აძლევს ერთ-ერთ უცხოურ ტელევიზიას და ანადგურებს ქვეყნის იმიჯს.
თუკი, სალომე ზურაბიშვილმა არ იცის (მეეჭვება, რომ მან არ იცოდეს), რომ ქვეყნის ხელისუფლება წარადგენს სახელმწიფოს იმიჯს საერთაშორისო არენაზე და როდესაც შენ ხელისუფლებას ანადგურებ და აი ამ დონეზე მოიხსენებ, ე.ი შენ ანადგურებ შენი სახელმწიფოს იმიჯს საერთაშორისო არენაზე.
ამის პატიება შეიძლება პრეზიდენტისთვის? რა თქმა უნდა - არა!
სირცხვილი ყველა იმ დეპუტატს, რომელიც იყო, ან არ მივიდა და თითი არ დააჭირა იმ ღილაკს და აი ასეთი გაუწონასწორებელი, არაპროგნოზირებადი, არასანდო პრეზიდენტი დატოვეს ისევ თავის სავარძელში. ხვალ და ზეგ კიდევ რა სისულელეს იტყვის და მტრულ განცხადებას გააკეთებს, არავინ იცის. როდესაც ჩვენ ვესაუბრებით უცხოელ მეგობრებს, კოლეგებს (ინგლისია თუ ამერიკა), ჩვენს გვიწევს თავის მართლება.
როდესაც უცხოელი კოლეგები მეკითხებიან, ეს რომ თქვა თქვენმა პრეზიდენტმა პრემიერზე, მართლა ასეა? მე რატომ უნდა მჭირდებოდეს თავის მართლება, რომ ეს ასე არაა. მივაწოდე მათ ყველა მასალა, რომ ეს ესე არაა. ის ანადგურებს სახელმწიფოს იმიჯს უცხოეთში. თუნდაც ეს პროცესი არ იყოს, მაინც არ ეპატიება. სირცხვილი ყველას! მართლა მოღალატეა, ყველა ის დეპუტატი, ვინც პარლამენტში ზის და ეს პრეზიდენტი დაგვიტოვა თავის ადგილას“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.