logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ჩინეთში ვიზიტზე ბევრი სპეკულაცია იყო. სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ ხელოვნურად შექმნილი კადრებითა თუ ინფორმაციით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა
- +

31 ოქტომბერი. 2023. 20:46

"ვფიქრობ, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ მონტაჟირებული და ხელოვნურად შექმნილი კადრებითა თუ ინფორმაციით, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

 

მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაციები ჩინეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და საქართველო „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივის საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობს მისი დაარსების დღიდან.

 

 

„ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ფორუმშიც და საქართველო, როგორც წელს, ისე წინა წლებშიც იყო ამ ფორუმის მონაწილე. წელსაც გვქონდა მოწვევა და მეც ვმონაწილეობდი ჩვენს დელეგაციასთან ერთად. ვფიქრობ, აქ გასაკვირი არაფერია. მინდა გითხრათ, რომ ამ ფორუმში 150-მდე ქვეყნის მონაწილე იყო. ფორუმს ესწრებოდა, მათ შორის გაერო-ს გენერალური მდივანი, ასევე ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერი. ვფიქრობ, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ მონტაჟირებული და ხელოვნურად შექმნილი კადრებითა თუ ინფორმაციით, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან იმ ფორმატში მონაწილეობა, რა ფორმატშიც იყო საქართველო წინა წლებში წარმოდგენილი. პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით მიწვეული პრეზიდენტ სი ძინ პინის მოწვევით. პრეზიდენტ სი ძინ პინის მოწვევა იყო პირადად დელეგაციების წარმომადგენლების და ხელმძღვანელების მიმართ. ჩვენთვის, როდესაც მასპინძელი მხარე გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ ამ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ამ ფორუმის“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

 

 

ლევან დავითაშვილის თქმით, არანაირი დახურული მოლაპარაკება ჩინეთში ვიზიტის დროს არ გამართულა.

 

 

„ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა ჩინეთის რეზიდენტმა. ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეთა შესახებ, ამ დროს არ იყო ცნობილი. თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა ამ შემთხვევაში არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია და სპეკულაციები. ასევე, სახელმწიფოს მეთაურების განლაგება და დელეგაციის სხვა წევრების, მათ შორის მინისტრების განლაგება, იყო გამიჯნული და ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ერთ კონტექსტში და ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის ზუსტად მონტაჟი. ამიტომ, ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ეტიკეტი, პროტოკოლის დაცვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner