"ბატონო იაგო, თქვენ ძალიან ოსტატურად, ენაწყლიანობით ცდილობთ, შეფუთოთ ის, როგორ თამაშობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს. მგონი, გუშინაც და დღესაც ამას სიცილ-სიცილ, კისკის-კისკისში აკეთებთ," – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ.
„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე ძალიან მძიმე დანაშაულებში. თქვენ რომ ამას აბაიბურებთ და პოლიტიკაზე საუბრობთ, ადამიანმა სიკვდილამდე აცემინა პარლამენტის წევრი. უბრალოდ, სპორტსმენი იყო ის ადამიანი და გადარჩა. ამის გამო ზის ციხეში და მისჯილი აქვს. მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი და ხელი დააფარა, ყველაფერი გააკეთა, რათა დამნაშავეები გარეთ გამოეშვა. ამისთვის ზის ადამიანი ციხეში, რა პოლიტიკაზე საუბრობთ, ვერ გამიგია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.