logo_geo
eng_logo
რევაზ სოხაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა
- +

31 ოქტომბერი. 2023. 23:42

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რევაზ სოხაძემ საანგარიშო პერიოდში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის 19 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც 282 საკითხი განიხილეს.

 

 

კომისიამ საკრებულოს სხდომებზე დასამტკიცებლად დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ფუნქციური ზონის 374 ცვლილება განიხილა. რევაზ სოხაძემ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ფინანსური დახმარების ნებართვა 58 პროექტისთვის გაიცა; აგრეთვე განხილული და დამტკიცებული იქნა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების 199 პროექტი. ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის /მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების შესახებ გაიცა 4 თანხმობა; დაკმაყოფილდა 235 ოჯახი. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების 9 პროექტი შევიდა; ასევე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე 24 სხვადასხვა დადგენილების პროექტი განიხილეს. საანგარიშო პერიოდში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში 115 წერილი და განცხადება შევიდა. რევაზ სოხაძე ანგარიშში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის მუშაობასაც შეეხო და განაცხადა, რომ წლის განმავლობაში კომისიის 9 სხდომას დაესწრო, რომლებზეც 15 საკითხი განიხილეს. საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დედაქალაქის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზეც, რომლის წევრიც რევაზ სოხაძე გახლავთ. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საბჭოს 41 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც 1 510 საკითხი განიხილეს.

 

 

რევაზ სოხაძემ, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, ანგარიშში რაიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. დასრულებული პროექტებიდან გამოყო: ვარკეთილი 3-ის II მ/რ-ის N18, N20, N2ა კორპუსების მიმდებარედ არსებული სარეკრეაციო სივრცე; საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე სკეიტ პარკი; ვარკეთილში, ხომლელისა და გ. აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ ახალ სარეკრეაციო სივრცე. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ლილოს დასახლებაში; ვარკეთილის III მასივში, საცხენისის ქუჩაზე, ყოფილი კინოთეატრი „ბათუმის“ ტერიტორიაზე მოეწყობა სარეკრეაციული სივრცე; სამხედრო ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ჰა ფართობზე ახალი საქალაქო პარკი გაშენდება; ხოლო ვარკეთილი 3-ის მე-2 მ/რ-ში არსებული სკვერი და მიმდებარე ტერიტორია ეწყობა; ვარკეთილ 3-ში, თაყაიშვილის ქუჩაზე, N 180-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პრეზენტაციაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამაზეც ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც სამგორში თანადაფინანსებით გათვალისწინებული 224 პროექტი განხორციელდა. ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში კი სამგორში მიმდინარეობს ორი საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება და ხუთ საცხოვრებელ კორპუსზე მზადდება საპროექტო დოკუმენტაცია. პროგრამის ფარგლებში 35 ოჯახს გადაეცა ბინა.

 

 

რევაზ სოხაძე მისი ინიციატივით დაწყებულ კამპანიას, „გაამწვანე ვარკეთილსაც“, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კამპანიის ფარგლებში გრძელდება წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების დარგვა და საცხოვრებელი კორპუსების მოხატვა. რაც შეეხება წარმომადგენლობის მუშაობას, რევაზ სოხაძის წარმომადგენლობამ წლის განმავლობაში 1 960 მოქალაქე მიიღო. თავად, როგორც მაჟორიტარი კი, 1 306 მოქალაქეს პირადად შეხვდა. მაჟორიტარის წარმომადგენლობაში საანგარიშო პერიოდში სულ 803 წერილი შევიდა. ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, გამგეობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner