თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ლევან ჟორჟოლიანმა, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, მონაწილეობა მიიღო ფრაქციის 18 სხდომაში და განიხილა 26 საკითხი.
„ამა წლის 21 ივლისის ჩათვლით ლევან ჟორჟოლიანი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, დაესწრო კომისიის 16 სხდომას და შეისწავლა 247 საკითხი; ხოლო ამა წლის 21 ივლისიდან დღემდე იგი გარემოს დაცვის კომისიის წევრია. ამ დროის განმავლობაში კომისიის 3 სხდომას დაესწრო და 20 საკითხი შეისწავლა.
საანგარიშო პერიოდის მანძილზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში 100-ზე მეტი განცხადება/წერილია შესული და თითოეულ მათგანზე კანონით დადგენილ ვადებში განხორციელდა/ხორციელდება შესაბამისი რეაგირება, ასევე კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა ასობით მოქალაქეს გაუწიეს ზეპირი იურიდიული კონსულტაცია.
2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ ჩაატარა 20 სხდომა. ხსენებული სხდომების ფარგლებში განხილულ იქნა 382 განკარგულებისა და 105 დადგენილების პროექტი.
საანგარიშო პერიოდში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის საქმიანობის ფარგლებში არაერთი სამართლებრივი აქტის ექსპერტიზა განხორციელდა.
წარმოდგენილ ანგარიშში ცალკე გამოყოფილია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც განხილულ და მხარდაჭერილ იქნა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ.
ლევან ჟორჟოლიანი ჩართული იყო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში. მათ შორის მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროექტების განხილვაში.
გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი არის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრი. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პლენარულ სესიებში მიიღო მონაწილეობა.
ლევან ჟორჟოლიანი ასევე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ არაერთ ადგილობრივ ფორუმსა თუ ღონისძიებაში. ანგარიშის წარდგენას დედაქალაქის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.