logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
- +

1 ნოემბერი. 2023. 11:15

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ექსპორტის ზრდის პოტენციალის საკითხებზე იმსჯელეს.

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობით, ყოველწლიურად იზრდება გაშენებული ბაღების ფართობები, რომლებიც უკვე მსხმოიარობის ეტაპზე გადადის; შესაბამისად, მოსავლიანობის ზრდის ტენდენცია ყოველწლიური იქნება, რაც ზრდის ადგილობრივი ფერმერების შემოსავლებს, თუმცა, მნიშვნელოვანია მიღებული მოსავლის დროული რეალიზაცია, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ ექსპორტიორები. ჩვენ მზად ვართ, ახალი ბაზრების მოძიებაში მხარდაჭერა გავუწიოთ დაინტერესებულ მხარეს, მით უმეტეს, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კენკროვანი, განსაკუთრებით, მოცვის ბაღების ფართობების ზრდის ტენდენციაზე და სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაზე, მათ შორის, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ ახალ პროგრამაზე, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, მალფუჭებადი კულტურები შეინახოს და შემდეგ, ეტაპობრივად, სასურველ ბაზრებზე მოახდინოს მისი რეალიზაცია.

 

ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებმა ბაზრების დივერსიფიკაციაში სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრების გამართვის სურვილი და აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და კახა კაკაბაძე, ასევე სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner