logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: 1993 წლის 14 მარტს ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი 500 კგ-იან ბომბზე აფეთქდა...
- +

11 მარტი. 2016. 15:33


„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი 1993 წლის 14 მარტის მოვლენებს იხსენებს:


რამდენიმე დღეში 2016 წლის 14 მარტი გათენდება. 23 წლის წინ, ამ დღეს... ქართველი ჟურნალისტებისა და გამნაღმველების 12-კაციანი ჯგუფი აჩადარაში, 500 კგ-იან ბომბზე აფეთქდა.

 

გულიკო გოდოლაძე - რეჟისორი; გიორგი პოპიაშვილი - ჟურნალისტი; საშკა კარაპეტოვი - ოპერატორი; ჯუმბერ ეზუხბაია - ოპერატორი. 1993 წლის 16 მარტს ქართულმა არტილერიამ მტრის შეტევა მოიგერია და ბრძოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი აჩვენა. მტერმა უკან დაიხია. ორი დღით ადრე, ჟურნალისტების ჯგუფმა აჩადარაში გასვლა და პოზიციებზე არსებული ვითარების გადაღება გადაწყვიტა. გულიკო გოდოლაძე მაშინ 33 წლის იყო. დოკუმენტურ ფილმს იღებდა. მოვლილი ჰქონდა ყველა საბრძოლო პოზიცია. უნიკალური კადრები დატოვა. ის დღე კარგად მახსოვს. სოხუმში, ე.წ. სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე ვიყავით განთავსებული. მე, საშკა იოსელიანი და მიშა მანდარია ანძაზე ვაპირებდით ასვლას. გულიკო, მისი ჯგუფი და გიორგი პოპიაშვილი აჩადარაში უნდა გასულიყვნენ და მერე პრესცენტრში გადავიკვეთებოდით. მზიანი დილა გათენდა. ზღვა, თოლიები, გადაღრეცილი პალმები.

 

საშკას ბუშლატას" ჯიბეში მირზა გელოვანის ლექსების კრებული ედო. მე დავბრუნდები, მე დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებენ"... უყვარდა ამ ლექსის კითხვა.

 

გულიკო წინა დღეებში ვნახე. უცნაურ განწყობაზე იყო...თუ რამე დამემართება და მოვკვდები, ჩემი ფირები და ზურგჩანთა თბილისში შენ ჩაიტანე, კადრები არ უნდა დაიკარგოსო". გამეცინა. რა დროს სიკვდილია, რას ამბობ",- ვუთხარი. გაიღიმა და წავიდა. ასე დარჩა ჩემს მეხსიერებაში - ღიმილიანი. ჰოდა, 14 მარტის დილაა. გიორგი პოპიაშვილი უკვე გასული დამხვდა აჩადარაზე. ოთახში შევიხედე და ლოგინებზე კასეტები და დამტენის სადენები ეყარა. მალე შევხვდებით",- გავიფიქრე, მაგრამ ვეღარ შევხვდით. მე, საშკას და მიშას ანძისკენ გვქონდა გეზი აღებული, როცა გზაში ჯარისკაცი შეგვხვდა. აფორიაქებული. ოფლშიგაწურული. თქვენთან მოვრბოდი. აჩადარაში ჟურნალისტები აფეთქდნენ და მეგონა, ირმა იქ იყო"... გავიყინე. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს გულიკოს და გიორგის ჯგუფი იქნებოდა. ჩქარა წავიდეთ",- საშკას ვეუბნები. მივედით აჩადარაში. ბუღია. არაფერი ჩანს, შავი კვამლი. ხეებზე ნაფლეთები ჰკიდია. ერთი გოგონა იყო, დანარჩენი ბიჭები",- ვიღაცა მეუბნება... გულიკო!"... დავიწყე ფირების ძებნა. ვფიქრობ, - რა სისულელეა, სად ვიპოვი ფირებს... და აი, საოცრება... გულიკოს ფირებიც და ზურგჩანთაც გადარჩენილია.

 

შეყვარებული იყო. ვინც უყვარდა, მერე... იმ კარგ ბიჭთან ერთად ჩავალაგე გულიკოს ნივთები: წითელი ხელთათმანი, საქსოვი ჩხირები, ყავის მადუღარა. ცინკის კუბოებთან ვზივარ. 22 წლის ვარ. პირველი დარტყმაა. პირველი შოკი. პირველი სიცარიელე და სიმარტოვე. ის ბოლო კადრი მახსენდება, როცა გულიკომ გაიღიმა და გაფრინდა. მერე იყო 15 მარტი, როცა ზღვიდან სასტიკად დაგვბომბეს. სიკვდილი ისე ახლოიყო, თვალს მიკრავდა. მერე 16 მარტი იყო, როცა ქართველმა მეომრებმა საოცარი სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი აჩვენეს.

 

მოვასვენებთ თბილისისკენ აჩადარაში დაღუპულ ჩვენს კოლეგებს. თვითმფრინავი სავსეა ცხედრებითა და დაჭრილებით. სისხლისა და ოფლის სუნია. პირდაპირ საზურგეებზეა გადებული გვამები. საშკა მიზის გვერდით. მეუბნება:რა გეგონა, აბა, ომი... იქ, მაღლა, ყველა ერთად შევიყრებით"...

 

ასეთი მეგობრები დავკარგე აფხაზეთის ომში. 1993 წლის 19 სექტემბერს უკვე საშკა წავიდა. გულიკოს გადარჩენილი ფირები კინოსტუდია მემატიანეში" მივიტანე. რაც მთხოვა, შევასრულე", - წერს ირმა ინაშვილი.




 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner