ავტორი თაკო კვარაცხელია
საქართველო 8 ნოემბრის მოლოდინშია, როცა ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს გამოაქვეყნებს, რაც შემდგომ, დიდი ალბათობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირების გადაწყვეტილებაზე იქონიებს გავლენას, მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. რა მოლოდინები აქვს ქართულ მხარეს და რა შეიძლება ეწეროს დასკვნაში... „რეპორტიორის“ კითხვებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პასუხობს.
- ქალბატონო მაკა, 8 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს ველოდებით... რა მოლოდინები აქვს ჩვენს ქვეყანას, დიდი ალბათობით, ევროპელებს მონახაზი უკვე აქვთ, თუ რას ჩაწერენ ამ დოკუმენტში. როგორ ფიქრობთ, რა დევს „შავ ყუთში“?
- იმდენი ინსტიტუტის აზრი და პოზიცია ერთიანდება ევროკომისიის ანგარიშებში, რომ წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, ეს იქნება დაბალანსებული დოკუმენტი, ვინაიდან შეუძლებელია, ევროკომისიამ არ გაითვალისწინოს ის ნაბიჯები, რაც საქართველომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში გადადგა. ჩვენ ევროკომისიასთან ინტენსიურად ვმუშაობდით და რაც კი შენიშვნა, წინადადება, მითითება თუ რეკომენდაცია ჰქონდათ, ფაქტიურად, ყველაფერი შევასრულეთ. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი საკმაოდ ეფექტიანად წარიმართა, განსაკუთრებით კი ივნისიდან, ანუ ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებიდან მოყოლებული, ვინაიდან ამ დოკუმენტმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი თავი უფრო ობიექტურად შეგვეფასებინა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ 8 ნოემბრის ანგარიშში ეს ყოველივე აისახება და დაბალანსებული და პოზიტიური შეფასებები მოჰყვება. ათოსნები ხართო, - ეს მათ არასოდეს არავისთვის უთქვამთ და არც ჩვენ გვეტყვიან, მაგრამ რაიმე შენიშვნაც რომ ჰქონდეთ, ეს არ იქნება იმ მასშტაბის შენიშვნა, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ანგარიშზე. აი, ამას მოველით ნოემბერში...
- და რას მოველით უკვე დეკემბერში, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვის დღეს?
- დღეს რომ იყოს სტატუსის განხილვის დღე, თამამად ვიტყოდი, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი, რათა ევროპამ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ დეკემბრამდე ჯერ კიდევ შორია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ შესრულებული გვაქვს არამხოლოდ 12 რეკომენდაცია, არამედ მთელი 10 წელია თავგამოდებით ვმუშაობთ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე და ეს საფუძველი ვერსად დაიკარგება. შეხედეთ არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობას - ჩვენს გარშემო ქვეყნები ცეცხლის ალშია გახვეული და, წესით, ახლა, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ზუსტად ისე უნდა სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო. ჩვენი ევროპელი კოლეგები დღეს რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას, თითქმის 100 პროცენტით ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება პოზიტიური იქნებოდა... იმედი დავიტოვოთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებამდე ისეთი არაფერი მოხდება, რაც ამ ვითარებას შეცვლის.
- ქალბატონო მაკა, რა რჩება ჯერ კიდევ ჩვენს სუსტ რგოლად, ამ პროცესებში თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ჩახედული ადამიანი ხართ და გვითხარით, რომელია ის პუნქტი, რომელზეც შეიძლება ევროკავშირი მოგვედავოს და, რომელზეც ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო?
- ჩვენ არათუ რაიმე პუნქტზე არ გვრჩება სამუშაოები შესასრულებელი, სულ რომ არაფერი გაგვეკეთებინა, უკვე ივნისშიც ვიყავით იმ კონდიციაში, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტილიყო! ეს რაც შეეხება სტატუსს, მაგრამ თუ თქვენ მკითხავთ, ვართ თუ არა ევროკავშირის წევრობისთვის მზად, გეტყვით, რომ არა! ამისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვრჩება გასაკეთებელი. დამიჯერეთ, ჩვენსავე ინტერესშია, ეკონომიკა მეტად განვითარებული გვქონდეს, სოციალურად უკეთესი პოლიტიკა ვაწარმოოთ და ნაკლებ ადამიანს უჩნდებოდეს სურვილი, უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად სხვა ქვეყანას მიაშუროს. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი დროს წაიღებს, როგორც ჩვენი, ისე ევროკავშირის მხრიდან. აღარავისთვისაა დასამალი, რომ ევროკაშირის გაფართოება რეფორმის გარეშე არ მოხდება, ასე რომ, შეიძლება ჩვენ უფრო მარტივად მივიდეთ ევროკავშირის წევრობის დონემდე, ვიდრე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მივიდეს იმ შეთანხმებამდე, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირი მომავალში. ანუ, კარგი იქნება, თუ არ შევიქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს, რათა შემდეგ ადგილი არ ჰქონდეს ფრუსტრაციას.
- ქალბატონო მაკა, 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ორი ასეთი პუნქტი გვიწერია - დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია...
- ორი ისეთი პუნქტი გვიწერია, მე რომ არ მომწონს (იცინის)...
- და გარდა იმისა, თქვენ რომ არ მოგწონთ, ძალიან სადავო და გაუგებარი პუნქტებია... რა ხდება ამ ორ პუნქტთან დაკავშირებით და როგორ უნდა მოხერხდეს მათი შესრულება, თქვენი აზრით?
- მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ აღნიშნულ რეკომენდაციებს სწორი ფორმულირება აქვთ მიცემული, უპრიანი იქნებოდა მათი სხვა სიტყვებით გადმოცემა. პოლარიზაცია/დეპოლარიზაცია არ არის გაზომვადი კრიტერიუმები და არავინ იცის, რა შკალა არსებობს ევროკავშირში, სადაც გაწერილია, რომ თუკი პოლარიზაცია იქნება X ნიშნულიდან-Y ნიშნულამდე, ეს მისაღებია და Y ნიშნულს ზემოთ - უკვე მიუღებელიო. ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია პოლარიზაციის ელემენტები და ზოგან ისეთი მოჭარბებითაც კი, რომ ჩვენ მათთან ახლოსაც ვერ მივალთ, განსაკუთრებით საუბარი მაქვს ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემებზე. რაც შეხება დეოლიგარქიზაციის პუნქტს... თუკი უნდა განახორციელო დეოლიგარქიზაცია, მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდე, თუ ვინაა ოლიგარქი და, საერთოდ, რა არის ოლიგარქია. ჩემთვის გაუგებარია, იმ ყველაფერს, რაც სახელმწიფოს სწორ ფუნქციონირებას უკავშირდება, რატომ ვუცვლით კარგი მმართველობის „rull of law“ სახელს და რატომ ვარქმევთ დეოლიგარქიზაციას? მგონია, რომ ეს არასწორია. ევროპულ სახელმწიფოებში მას აპრობირებული სახელი ჰქვია და არა დეოლიგარქიზაცია. იმისთვის, რომ იყოს მმართველობის სწორი ფორმა, სამართლის უზენაესობა და სახელმწიფოს მართვა დემოკრატიული მეთოდების შესაბამისად ხდებოდეს, თუ ამას დეოლიგარქიზაცია არ ჰქვია ევროპაში, ჩემთვის გაუგებარი ხდება, რა საჭირო იყო ამ საკითხის ამგვარი ფორმულირებით მოწოდება ჩვენს შემთხვევაში.
- და ბოლოს, მინდა „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარის დენიელ ფრიდის განცხადების შეფასება გთხოვოთ, რომლის მიხედვითაც „ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და უნგრეთი და საქართველოს მთავრობა ფსონს არასწორ ცხენზე დებს“. ქალბატონო მაკა, სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიორგი ვაშაძე იმყოფებოდნენ. წესისამებრ, ოპოზიციის წევრების დასავლეთში ვიზიტებს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსის, მაღალჩინოსნისა თუ სენატორის საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოთქმული მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვება ხოლმე... მინდა, ერთი მხრივ, ფრიდის განცხადება შევაფასოთ, მეორე მხრივ კი, რადიკალების ქმედებები - რისთვის დადიან ისინი ევროპასა და აშშ-ში და რა მიზანი ამოძრავებთ მათ?
- ფრიდის განცხადება პოპულისტური განცხადებაა! რას ნიშნავს, ევროკავშირს არ სჭირდება ახალი ორბანიო? ვიქტორ ორბანი უნგრეთის სათავეში დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოსული მმართველია, რომელიც ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად ზის ერთ მაგიდასთან და ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იღებს მონაწილეობას, რა გადაწყვეტილებასაც ევროკავშირი იღებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, დემოკრატიის ნომერ პირველი საფუძველი ხალხია, ხელისუფლებას ხალხი ირჩევს, ორბანი კი, ხალხმა აირჩია... თუ დემოკრატიისა და ევროკავშირის ეს ელემენტარული საფუძველი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, არ მგონია, ამან დადებით შედეგამდე მიგვიყვანოს. თუ ჩვენ გვინდა, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებაში მხოლოდ ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ჩვენ გვესიმპათიურებიან, ასე შორს ვერ წავალთ, ასე აღარც ევროკავშირი ემსგავსება ევროკავშირს და აღარც დემოკრატია - დემოკრატიას. რაც შეეხება ოპოზიციის ვიზიტებს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი გამუდმებით ცდილობენ ხელისუფლების გაკეთებული საქმეები ნეგატიური კუთხით წარმოაჩინონ. თუმცა, თავად ხვდებიან, რომ მათ სიტყვას საზოგადოებისთვის დიდი ძალა და მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, გამუდმებით სჭირდებათ „ზურგი“ ქვეყნის გარედან და სულ ამ „ზურგის“ ძიებაში არიან. ანუ, საქმე გვაქვს იმასთან, რომ საარჩევნო კამპანიები ტარდება არა საქართველოში, არამედ სხვაგან, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში. ოპოზიცია ტაქტიკას 10 წელიწადია არ ცვლის და როგორი წარუმატებელიც იყო მათი მცდელობები წარსულში, ისეთივე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, ვინაიდან ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ბრიუსელი აირჩევს აქ ხელისუფლებას და ვერც ვაშინგტონი!