„ევროკავშირმა მოითხოვა იყო და უფრო მეტიც, დაგვემუქრა, რომ „შემოქმედებითი ევროპიდან“ გაგვრიცხავდნენ, თუ ამ კანონს არ მივიღებდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განუცხადა.
„სრული ცირკი იყო, რაც ამ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ. ევროკავშირისგან მკაცრი რეკომენდაციაო იყო, რომ ეს კანონი მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში არის ასეთი პლატფორმა „შემოქმედებითი პლატფორმა“ და ამ პლატფორმიდან გარიცხვა ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას ეს კანონი რომ არ მიგვეღო. მარტო რეკომენდაცია არ იყო, გვრიცხავდნენ „შემოქმედებითი ევროპიდან“, თუ არ მივიღებდით ამ კანონს. დეტალებთან დაკავშირებითაც გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან და როცა გამოდიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ გამოხატვის შესაზღუდად გვინდოდა ამ კანონის მიღება, ცირკის გარდა ამას რა შეიძლება დაარქვა?!“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.