ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. მისი ასე ვთქვათ მემკვიდრე გახლდათ მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი)- ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი 2004წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან - 2013 წლის 17 ნოემბრამდე. პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში).
„მიხეილ სააკაშვილი მე არ მინახავს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ის იყო, და იყო გამხეცებულიო. არ ვიცი გამხეცებული იყო თუ დაწყნარებული, მე ვერ შევხედე. თუმცა რაც მე ტელევიზიაში ვნახე პირველ არხზე, შემზარა, უბრალოდ შემაშფოთა. მე მიმაჩნია, რომ ის არის ძალიან საშიში მოვლენა, თავისთავად, ეს პიროვნება არის საშიში მოვლენა. ლაპარაკობს, რომ ჩვენ დავალპობთ ამ ხელისუფლებას, დავალპობთ ციხეებში, გვარების ჩამოთვლით, პრეზიდენტით დაწყებული, დამთავრებული რწმუნებულებით და ასე შემდეგ. რა ელოდება საქართველოს? საქართველოს კიდევ 37 წელი სჭირდება? ციხეებში დალპობა სჭირდება ხალხს? გინდა პრეზიდენტი იყოს, გინდა მინისტრები იყოს, სხვები იყვნენ, მოქალაქეები... არის ეს დღევანდელი დღის ამოცანა და დღევანდელი დღის მოთხოვნა?" - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
2003 წლის ნოემბერი, სახელმწიფო გადატრიალებამდე 2 კვირით ადრე. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ეს სიტყვები ამოღებულია ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც გამოყენებულია ინგა გრიგოლიას გადაცემაში „პოლიტიკური კვირა", 1 არხი, 2009 წელს.