„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, კანდიდატის სტატუსსა და მასთან დაკავშირებით ოპოზიციის ცვალებადი პოზიციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, რადიკალური ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი და ეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ცხადი გახდება.
„ოპოზიციის ახალი თამაში სტატუსთან დაკავშირებით, ისევ მათ უსუსურ მდგომარეობაზე მეტყველებს. სანამ სტატუსის თემა მათთვის რევოლუციისთვის საუკეთესო იარაღი იყო, მანამ აშანტაჟებდნენ ქვეყანას, რომ თურმე მხოლოდ ამით წყდებოდა საქართველოს ბედი. დღეს კი, როდესაც სტატუსის მოცემა რეალური გახდა და ოპოზიციას რევოლუციისთვის მთავარი იარაღი გაუქრა, თურმე სტატუსი არაფერს ნიშნავს და ამას მხოლოდ ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო გვაძლევენ.
როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ახალ რეალობაზე, როგორც გეოპოლიტიკურ კარიბჭეზე, ოპოზიციას ჰგონია, რომ ეს მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობაა. საქართველო ისევ იქ არის, სადაც მათი ხელისუფლებაში ყოფნისას იყო, თუმცა, ეს გეოგრაფიული მდებარეობა „ნაცმოძრაობამ“ ვერ აქცია ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ შესაძლებლობად. ოპოზიციის ახალი ხრიკი არის ახალი დეზინფორმაცია მოსახლეობისთვის.
რეალურად კი „გეოპოლიტიკური კარიბჭე“ არ ნიშნავს მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, ეს არის პოლიტიკური ფუნქცია, თუ შეიძლება ითქვას, „პოლიტიკური მისია“, რომელსაც მოპოვება უნდა. გონივრული და შრომატევადი პოლიტიკის გარეშე კი, გეოგრაფიულად სადაც გინდა, იქ იყავი, ვერ გახდები ანგარიშგასაწევი სახელმწიფო მსოფლიოსთვის.
ასე რომ, მძიმეა ოპოზიციის მდგომარეობა დღეს, ვერც ერთმა მათ მიერ მოგონილმა დეზინფორმაციამ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში. ბუნებრივია, მათი სასოწარკვეთილება კიდევ უფრო გაიზრდება დეკემბრიდან. არადა, ახლოვდება არჩევნები და ქართველი ხალხისთვის ფაქტობრივად არჩევანიც აღარ რჩება, იმდენად უალტერნატივოა მშვიდობა, რეალურად მიღწეული ევროპული გზა და ახალი გლობალური პოლიტიკური ფუნქცია, რომელმაც პატარა საქართველო სწორედ ჩვენი დამსახურებით, დიდ პოლიტიკურ მოთამაშედ აქცია“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.