"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს დარღვევა არ აღიარა და პირიქით, თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტს, მათ შორის, ზუსტადაც სექსისტური ტერმინოლოგიით მოიხსენია პარლამენტის მამაკაცი დეპუტატები, ვფიქრობ, მას არ აქვს ის მორალური ავტორიტეტი, რომ პარლამენტს მიუთითოს რამე," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს დაკარგული აქვს რელევანტურობა მისთვისაც და საქართველოს პარლამენტისთვისაც.
„სწორედ ამაში გამოიხატება სიმბოლურობა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მორალური ავტორიტეტი. სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ საკუთარი ქცევით, კონსტიტუციის დარღვევით და კონსტიტუციურ ორგანოებზე თავდასხმით, ეს მორალური ავტორიტეტი დაკარგა. ამიტომ, ამ მოწოდებას და მითითებას რამე რელევანტურობა პარლამენტისთვის და ჩემთვის არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას იყო თუ არა უპატივცემულობა, როდესაც იმპიჩმენტის განხილვისას უმრავლესობის წევრები ზურაბიშვილის დარბაზში შესვლისას ფეხზე არ წამოდგნენ.
„ეს იყო უმრავლესობის სიმბოლური აქტი, რომლითაც მან დაანახა, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი მხრიდან არის იმპიჩმენტის ობიექტი და შესაბამისად, ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს როგორც საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს პოლიტიკური აქტი იყო, ეს არ არის ნაწილი საპარლამენტო რეგლამენტისა ფეხზე წამოდგომა და ა.შ. ეს იყო პოლიტიკური აქტი სწორედ იმის ჩვენებისთვის, რომ უმრავლესობამ ჩამოართვა ლეგიტიმაცია სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.