logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მთელი ერთი წელი მოანდომეს იმას, როგორმე შეეფერხებინათ საქართველო ევროპისკენ სავალ გზაზე, ყველაფერს ცდილობდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, თუმცა, ხუხულასავით ჩამოენგრათ ყველაფერი
- +

1 ნოემბერი. 2023. 23:44

"მთელი ერთი წელი მოანდომეს იმას, როგორმე შეეფერხებინათ საქართველო ევროპისკენ სავალ გზაზე, რა საშუალება აღარ გამოიყენეს," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიცია მიხვდა, რომ ყველაფერი, რაც ქვეყნის დაზიანებისთვის გააკეთეს, გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

 

 

წელიწადნახევრის წინ შევქმენით პირველი სამუშაო ჯგუფები პარლამენტში, სადაც ისინი არ მობრძანდნენ, ბოიკოტი დაიწყეს ამ პროცესის და შემდგომ უკვე ევროპის ყველა დედაქალაქს მოედნენ. ჩაჰქონდათ აქედან გაუკუღმართებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ როგორმე ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. მაგრამ, მათდა საუბედუროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, მე მგონი ჩვენ გავედით ფინიშის სწორზე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პასუხი, რეკომენდაცია იქნება დადებითი.

 

 

ხელისუფლებას თავისი პოზიციები ძალიან მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული. ადამიანებმა, რომლებმაც მთელი თავისი დღის წესრიგი ააწყვეს იმაზე, რომ ხელისუფლება აქ შედეგს ვერ მიაღწევს, ვერ მოვიპოვებთ კანდიდატის სტატუსს, შემდეგ გამოიყვანენ ხალხს ქუჩაში და დაამხობენ ხელისუფლებას, ეს მახინჯურად აკინძული მძივი, თვალსა და ხელს შუა ჩამოეშალათ. მიხვდნენ, რომ ის რაც აკეთეს ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ყველაფერი გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ხუხულასავით ჩამოენგრათ ყველაფერი.

 

 

რადგანაც პრეზიდენტი მინდობილია ამ ადამიანებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისიც იმ საზოგადოებაში ტრიალებს, სადაც ფიქრობენ, რომ სტატუსის მინიჭება იქნება უპირობო წარმატების გასაღები ამ ხელისუფლებისთვის მოახლოებულ არჩევნებზე და დიახ, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებსაც მოიგებს დიდი ანგარიშით და დარჩება ხელისუფლებაში. ამაზე როგორც ჩანს დარდობს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის სავარძელში ჩაბრძანებული ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი. დაყვა იმ ადამიანების ნებას, რომლებიც გუშინ სახალხო დამცველის ოფისში მუშაობდნენ და დღეს მოლოტოვის კოქტეილების მსროლელებს აფინანსებენ და მათ ჯარიმა-საურავებს უხდიან. ლომჯარიას ვგულისხმობ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner