შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საბოტაჟში ყველა იყო ჩართული, მათ შორის ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც მისივე თქმით, ახლა „სხვისკენ იშვერენ თითს“. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მან გაიხსენა დეპუტატების ჟოზეფ ბორელთან შეხვედრა, რომელზეც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველოს არ გაუმართლა, რომ ასეთ მომენტში ჰყავს ცუდი ხელისუფლება.
„ვინც იმას ფიქრობს, რომ ეს კრიტიკა იყო მიმართული მხოლოდ ხელისუფლებისადმი, მას ჰგონია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ მისი მთა-გორის და მინდორ-ველების გამო? ჩვენი ხაჭაპურის და ხინკლის გამო? ასე ხომ არ არის, არა? სტატუსი ეძლევა ქვეყანას, სახელმწიფოს, სახელმწიფო არის მისი ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, ფასდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ ვარგა და ასეთი უბედურებაა, როგორც მან თქვა, რომ ქართველ ხალხს არ გაუმართლა (თან ქართველი ხალხის სახელით საუბრობს), რომ ასეთი ცუდი ხელისუფლება გვყავს, არ ვიცი, მეორე მხარეს რომ ადამიანია, იმან როგორ უნდა თქვას, რომ ამის შემდეგ დადებითი შეფასება შეიძლება მისცეს ქვეყანას? ამიტომ ყველა, აბსოლუტურად ყველა, პასიურად თუ აქტიურად იყო ამაში ჩართული“, - აცხადებს პაპუაშვილი.