გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა, სამუშაო შეხვედრაზე, პროექტის „ჰაერის ხარისხი მოქალაქეთა უკეთესი ჯანმრთელობისთვის“ საკითხები განიხილეს.
ახალი პროექტი ითვალისწინებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 სადგურის შეძენას, რეფერენტული ლაბორატორიის შექმნას, მოდელირებისა და პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერებას, ინდუსტრიული ემისიების სფეროში საუკეთესო ხელმისაწვდომი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას და მიზნობრივ ტრენინგებს.
შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„აღნიშნული პროექტი, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაუჭერს მხარს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს დამატებით ექნება 9 ახალი მონიტორინგის სადგური, გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა და, ფაქტობრივად, სრულად შესრულდება ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამრეწველო ემისიების შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესს, ქვეყანას მხარს დაუჭერს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების დაძლევაში და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), გაერთიანებული ბანკი აფრიკისთვის (UBA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.