„ჩვენ ამ პლატფორმას (ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენცია) გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენს კოლეგებს, თუ რამდენად სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირი, არამედ თავად ევროკავშირს საქართველო“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან ერთად განიხილავს ევროკავშირის მომავლის საკითხს. თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირი უკვე გაფართოებული და იმ წევრი ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ევროკავშირის წევრები. პირველ რიგში ამ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენს კოლეგებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს წევრობას ევროკავშირში, რამდენად სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირი, არამედ თავად ევროკავშირსაც - საქართველო და საქართველოს გაწევრიანება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავავრცელოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს დროს და დროულობას, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, დიდხნიან პერსპექტივაში ველოდოთ იმ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის მხრიდან, რაც საჭიროა, რომ სტაბილურად დავდგეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანია, ისევე, როგორც სხვა წევრი ქვეყნები ფიქრობენ, რომ ევროკავშირსაც სჭირდება მომზადება იმისათვის, რომ უფრო მეტ წევრ ქვეყანას უმასპინძლოს ამ ორგანიზაციამ. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიების დასაწყისი. ჩვენი წვლილი ამაში ძალიან მნიშვნელოვანი და დიდია, ვინაიდან ჩვენ უნდა გავხდეთ იმ ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც ფუნქციონირებას გააგრძელებს ჩვენი კონტრიბუციით და ჩვენი მოსაზრებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში - Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession.