სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან 106 ნიმუში შეაგროვეს. ექსპედიციის ფარგლებში, 30 ადგილიდან შეგროვდა სიმინდის 22, ლობიოს 70, ძაძას 1, მუხუდოს 1 და ცულისპირას 1 ნიმუში, რომლებიც შრობის პროცესს გაივლის და გენბანკში შესანახად მომზადდება.
ნიმუშების შეგროვება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება და საქართველოს სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბანკში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნებაა.