„განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც იკვეთება როგორც ასეთი მოძრაობების ერთერთი მთავარი დამფინანსებელი, არის ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED), რომელიც აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც კანონით აკრძალულია.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჰქონდათ გარკვეული შეხვედრები დახურულ კარს მიღმა და ეს შეხვედრებიც უმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება როგორც ცენტრალურ, ისე ლოკალურ დონეზე.
„ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბრები ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც იკვეთება როგორც ასეთი მოძრაობების ერთერთი მთავარი დამფინანსებელი, არის ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED) და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ამ წყაროდან აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება საქართველოში.
მათ შორის EED აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც პირდაპირ კანონით არის აკრძალული. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა გარკვეული შეხვედრებიც დახურულ კარს მიღმა და მათ შორის ეს შეხვედრებიც გვიმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება ალბათ ყველა დონეზე, როგორც ცენტრალურ, ასევე ლოკალურ დონეზე. გვაქვს ყველანაირი საფუძველი ოპტიმიზმისთვის, რომ აღარ გაგრძელდება ქვეყანაში უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში თვისობრივად შემცირდება ამ დაფინანსების მოცულობა, რაც მოდის უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის სასარგებლოდ საქართველოში. ჩვენს საზოგადოებას უნდა სიმშვიდე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.