ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეკითხვები დაუსვა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატი დაინტერესდა იმით, რამდენად არის მზად საქართველო სათანადოდ უპასუხოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.
„გამოსვლაში ახსენეთ, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ფუნქციის შესახებ, თუმცა, ალბათ კარგი იქნება, საზოგადოებას უფრო ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ - რა ღონისძიებებს ახორციელებთ და რა არის დაგეგმილი თქვენი სამინისტროს მიერ, იმისათვის, რომ საქართველომ ამ ახალ, გეოპოლიტიკურ ფუნქციას ჯეროვნად უპასუხოს და ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ამ მიმართულებით, რაც შეიძლება, მალე გაიზარდოს,“ - იკითხა დეპუტატმა.
მინისტრ ირაკლი ქარსელაძის თქმით, შუა დერეფნის განუყოფელი და მთავარი შემადგენელი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და მნიშვნელოვანია ის, რომ წითელი ხიდიდან სარფამდე გზის დაფარვა 8 საათის ნაცვლად 4 საათშია შესაძლებელი. „მთავარია, რომ საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა 35 პროცენტით გაზრდილ ტვირთბრუნვას მომზადებული დახვდა,“ - განაცხადა კითხვაზე პასუხისას ქარსელაძემ.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომლის პასუხიც დეპუტატებმა მოისმინეს, კადრების კვალიფიციურობას ეხებოდა.
„ჩემი მეორე შეკითხვა შეეხება თქვენი სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტების სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრებით მომარაგებას. ვგულისხმობ, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს - თანამშრომლობს თუ არა თქვენი სამინისტრო განათლების სისტემასთან ამ მიმართულებით? რამდენად ხდება სტუდენტების გადამზადება? რამდენად ხდება თქვენი სამინისტროს მიერ პროექტების განხორციელებისას სტუდენტების ჩართვა პრაქტიკულ სამუშაოებში, რომ რაც შეიძლება კარგად მომზადებული კადრები გვყავდეს და ზუსტად პასუხობდეს ჩვენი ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებს ამ მიმართულებით? - იკითხა ეკა სეფაშვილმა, რაზეც მინისტრისაგან მიიღო პასუხი, რომ კადრების კვალიფიციურობის თვალსაზრისით, არის სერიოზული დეფიციტი. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, პროფესიულ სასწავლებლებთან და ხდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამშენებლო მოედანზე სტაჟირება და დასაქმება. ამავდროულად, დიდი ყურადღება ეთმობა მოქმედი კადრების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
და ბოლოს, დეპუტატის მესამე შეკითხვა ეხებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამჭვირვალობას. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, რადგან ოპოზიცია ძალიან ხშირად აღნიშნავს ხოლმე ხარჯებისა და ვადების შესახებ სამინისტროს გადაცდომებს - თუ შეიძლება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის კონტროლი ხორციელდება სამინისტროსა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ ამ თვალსაზრისით,“ - მოითხოვა ეკა სეფაშვილმა.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები, ვიდრე მათი განხორციელება დაიწყება, გადიან იმდენად რთულ ეტაპებს, რომ წარმოუდგენელია ამ მიმართულებით უპასუხისმგებლობაზე საუბარი. კერძოდ, მისი თქმით, პროექტები გადის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ყოველწლიურ აუდიტს და შეუძლებელია ფინანსური კონტროლის გვერდის ავლა. შემდეგ ინჟინრების, მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ხდება საკითხის შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ ცხადდება ტენდერი. „უპასუხისმგებლობაა იმის მტკიცება, რომ სამუშაოები უხარისხოდ ტარდება. რიკოთი არის უსაფრთხო,“ - ხაზგასმით განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ ეკა სეფაშვილის კითხვაზე პასუხისას.