ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს მშობელთა და პედაგოგთა ასოციაცია მასწავლებელთა პროფესიული გამოცდების წინააღმდეგია. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ლია ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, პედაგოგთა პროფესიონალიზმი გამოცდებზე მიღებული შედეგებით არ უნდა განისაზღვრებოდეს.
„მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ყველაზე დიდი სისულელეა! ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია დაიზეპიროს ტესტები და აიღოს სერტიფიკატი. უმჯობესია, მოვიდნენ სკოლაში და პედაგოგის პრაქტიკა იქ შეამოწმონ, თუ ვინ როგორ ატარებს გაკვეთილებს. მრავალი წელია პედაგოგი ვარ, არიან ჩემზე უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც ბევრი ვერ შეედრება, ისეთი დონის გაკვეთილებს ატარებენ. ამ ხალხს არ შეუძლია ჩააბაროს გამოცდები და გაიაროს ტესტირება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი, როგორც პედაგოგის, პროფესიონალიზმი ეჭქვეშაა... მოვიდნენ სკოლებში, შეამოწმონ პედაგოგის მეთოდიკა, ნებისმიერ დროს შეუღონ კარი, დაესწრონ გაკვეთილს და ამით განსაჯონ პედაგოგის დონე. ბევრ ახალგაზრდას შეუძლია აიღოს სერტიფიკატი, რეალურად კი თავში არაფერი უყრია. მე რომ მოვიწადინო, ექიმის გამოცდებს ჩავაბარებ, მაგრამ ოპერაციას გავაკეთებ?!" - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, მასწავლებელთა 85 %-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა.