„ჩვენმა - „ხალხის ძალის“ ხმამაღალმა განცხადებებმა თავისი როლი ითამაშა და საკმაოდ დიდი როლი და ამას მუდმივად ხაზს ვუსვამდით,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ადვილად სანახავია "ხალხის ძალის" მიერ გაკეთებული განცხადებები, შეფასებები და შედეგები, რაც ამ განცხადებებს მოჰყვა.
„არქივი იმიტომაა კარგი, რომ შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ქმედებები, მათზე რეაგირება და შედეგები, რაც ამას მოჰყვა. ჩვენი განცხადებები პრევენციული ხასიათის იყო - როცა ჩვენ ვაცხადებდით და შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოდის და ანალოგიურ საშიშროებაზე საუბრობს. მხედველობაში მაქვს ამერიკელი გადამხდელების თანხებით დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობის შესწავლის აუცილებლობა. ხშირად ამ ორგანიზაციების ცენტრალური ოფისები გაკვირვებას გამოთქვამენ იმაზე, თუ რას საქმიანობენ ამა თუ იმ ქვეყანაში მათი ფილიალები,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას მართებს ყურადღების გამახვილება იმ საფრთხეებზე, რაზეც სხვადასხვა წყაროები საუბრობენ, მათ შორის - უსაფრთხოების სამსახურები.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რაც აშკარაა და რაზეც სხვადასხვა წყაროები საუბრობენ. უნდა გავამახვილოთ ყურადღება საფრთხეებზე, მაგალითად, როცა ჩვენი უსაფრთხოება პრევენციის სახით განცხადებებს აკეთებს და შემდეგ ამას თან დაერთო ამ ორგანიზაციების საქმიანობის მტკიცებულებები. მანამდე ჩვენ ვსაუბრობდით აკერმანის ჯგუფზე და მის საფრთხეებზე, ჯერ კიდევ სტატუსის მიღების თემის გააქტიურებამდე, ქილიკი მიდიოდა ამ თემაზე. ეს ყველაფერი ხომ დამტკიცდა და ახლა ხელის გულზე ჩანს.
ეს ადამიანები, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, რატომ წავიდა ამ გამწვავებაზე და კონსტიტუციის დარღვევაზე იცით? გახსოვთ, მე ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს პროცესი მივიდოდა სალომე ზურაბიშვილამდე. ახლა პირდაპირ, რადიკალური ფრთა და მათი ლიდერი სააკაშვილი გაწიეს გვერდზე, ეს იგრძნო კიდეც ამ უკანასკნელმა და იმიტომ გააკეთა განცხადებები, მაგრამ ვინაიდან მათ საერთო პატრონი ჰყავთ, ცოტა შეარბილა გამონათქვამები. თქვენ რა გგონიათ, ზურაბიშვილი თავის ინიციატივით გადადგამდა ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა კონსტიტუციის დარღვევა, ან თუნდაც გვარამიას შეწყალება? ეს არის იმის შედეგი, არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია რომ დაუდგა გვერდით,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.