„2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შარშან მიღებული მნიშვნელოვანი ცვლილებებით აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა, ასევე, 25 წლამდე მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესიდან დამატებით 400 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს.
„გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგენთ ახალ ინიციატივას, რომელიც ახლა მინდა, რომ საზოგადოებას გავაცნო. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთები უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 %- ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად.
ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს. აქვე მინდა ერთის მხრივ გაკვირვება გამოვხატო, მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისთვის, უბრალოდ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და ასევე, 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ დამატებით გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება დამატებით ამოღებული “,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.