„2012 წელთან შედარებით რადიკალური ცვლილება გვაქვს, 6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტი, ბოლო 11 წელიწადში 325 პროცენტით გაიზარდა.
„რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს - დამატებით გამოეყოფა 65 მლნ ლარი და ჯამური ბიუჯეტი იქნება 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი. 2012 წელთან შედარებით რადიკალური ცვლილება გვაქვს, 6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში. 2012-ში შესაბამისად, ძალიან დაბალი იყო ჯანდაცვის ბიუჯეტი. - 325 პროცენტიანი ზრდა გვაქვს.
ახლა რაც შეეხება ახალ პროექტებს და ინიციატივებს, რომელიც მინდა გავაცნო საზოგადოებას - ეს თანხები გადავანაწილეთ შემდეგნაირად, მინდა ახალი ინიციატივები ვაცნობო საზოგადოებას - გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს, პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. ეს არის დაახლოებით 400 000 პენსიონერი და ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ჩვენ, გარდა იმისა, რომ პენსიონერებს გავუზარდეთ პენსია და 500 ლარამდე უკვე აიწია პენსიამ, 110 ლარი იყო 2012 წელს და გახდა 500 ლარამდე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.
რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურას აქვს დაგეგმილი, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს მიერ გატარებულ საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჯამურად 300-დან400 მილიონ ლარამდე დაეზოგება ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდილი, რაც ძალიან დიდი შეღავათია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ და რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა პრემიერმა.