"საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს," - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძებნილი პირი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ექსტრადიციის მიზნით, 2023 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს.
„დაკავებულს ბრალი აშშ-ში ტეხასის შტატში 2017-2021 წლებში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, ოჯახის წევრზე თავდასხმაში, ასევე, 2020-2021 წლებში ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და სხვა დანაშაულების ჩადენაში ედება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ძებნილ პირს 2023 წლის 1 ნოემბერს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურა განიხილავს ექსტრადიციის საკითხს და ატარებს ყველა ზომას, რათა დროულად მოხდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის წარდგენა ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.