იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხვალ ამანში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საკითხზე არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მონაწილეობით საერთაშორისო სამიტი გაიმართება.
კერძოდ, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, კატარის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები და „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი ჰუსეინ ალ-შეიხი.
იორდანიის საგარეო უწყების განცხადებით, სამიტის მიზანი „ღაზაში ისრაელის ომისა და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაა“.
„სამიტის ფარგლებში ჯერ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი მათ ენტონი ბლინკენი შეუერთდება, რა დროსაც დაფიქსირებული იქნება დაუყოვნებლივი ზავისა და ღაზის სექტორში დახმარების შეტანის მოთხოვნა“, - აღნიშნულია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.