პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. პროგრამაში საუბარია რეფორმებზე, რომლის გატარებასაც „ქართული ოცნება" გეგმავს, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით.
„ქართული ოცნება" აქტიურად გააგრძელებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და გაძლიერებას:
- ხელისუფლება უზრუნველყოფს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით - 2017-2020 წლებში შეიქმნება სულ მცირე 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე;
- ენერგეტიკის სექტორში ჩაიდება სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია;
- განვითარდება ინფრასტრუქტურა გაზისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის შესაქმნელად;
- ქვეყანაში აშენდება გაზსაცავი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის აუცილებელი სტრატეგიული მარაგის შექმნას;
- გაძლიერდება საქართველოს სატრანზიტო როლი;
- დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება ენერგეტიკული კანონმდებლობა;
- სექტორში გამჭვირვალობის, კონკურენციისა და დამოუკიდებელი რეგულაციების ხელშეწყობით გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო;
- სახელმწიფო ხელს შეუწყობს სამეცნიერო-ტექნუკურ პროგრესს და ინოვაციების დანერგვას;
- პრიორიტეტად დარჩება განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურად ათვისება;
- განხორციელდება ენერგოდამზოგველი და ენერგოეფექტური პოლიტიკა;
- 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 ათასი ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს;
- ე.წ. „უშუქო სოფლებში" 1000 ოჯახი პირველად მიიღებს ელექტროენერგიას და ქვეყანაში ელექტროენერგიის გარეშე აღარ დარჩება არცერთი სოფელი", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.