კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმის პროკურორის ლაშა ამირანაშვილის ინფორმაციით, მსჯავრდებულთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტრანსპორტში, კიდევ ერთი, მეოთხე მსჯავრდებული იმყოფებოდა, რომელსაც გაქცევა არ უცდია. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„კარი ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გააღო. ამ შემთხვევაში, სამივე მსჯავრდებულის ქმედება იდენტურია. დაკავების ადგილიდან გაიქცნენ და არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდა იმას, რომელმა მსჯავრდებულმა გააღო კარი. სპეციალურ ავტომანქანაში პატიმრებისთვის განკუთვნილია მოთავსების ორი საკანი. ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები და ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე. გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში. მეორე საკანში დარჩა კიდევ ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა, რადგან მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და მას არც უცდია გაქცევა“, – განაცხადა პროკურორმა.