„მართალია, 2000-იანი წლები არ არის და აღარც შევარდნაძეა ხელისუფლებაში, მაგრამ სხვადასხვა არხიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ისე შეიძლება მოხდეს, რომ არჩევნების შემდეგ ანუ როგორც კი პირველადი შედეგები გამოცხადდება, გარკვეული ძალები არეულობის ესკალაციას შეეცადონ", - ამის შესახებ „ვერსია" წერს.
სხვათაშორის, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების ალბათობაზე მინიშნება რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და აღნიშნა:
„როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილია გარკვეული ტიპის პროვოკაციები. თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია. ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ... სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ანუ საუბარია პროვოკაციებზე. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით".
მართალია, კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის პროვოკაციაზე ფლობს ინფორმაციას, მაგრამ „ვერსიისთვის" დამოუკიდებელი არხებით ცნობილი ხდება, რომ პროვოკაციის ერთ-ერთი სცენარი, შესაძლოა, არჩევნების შედეგებში ეჭვის შეტანა და შესაბამისად, 8 ოქტომბრის კენჭისყრის არალეგიტიმურად ცნობა იყოს.
„არ ვამბობ და არც მგონია, რომ რაღაც ტიპის არეულობა თავად ნაცებმა დაიწყონ. საამისოდ ალბათ, სხვა ძალები იქნებიან გამოყენებულნი. იგივე ე.წ. პრორუსული „სასტავი", რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და ამ ფონზე, კანონით, არჩევნებში არც უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ აქ უკვე ვალდებულების საკითხი იწევს წინა პლანზე... იმის თქმა მინდა, რომ კრემლის სატელიტებს თავიანთი პატრონის წინაშე ვალდებულება აქვთ, რომ საქართველოში პროპუტინური განწყობა გაზარდონ და სწორედ ამისთვის იღებენ დაფინანსებას. ერთი შეხედვით, პრორუსული განწყობა საზოგადოებაში თითქოს გაზრდილია, მაგარამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც ჩრდილოეთიდან ითხოვენ. იქ, მინიმუმ, ის უნდათ, რომ მათმა მეკავშირეებმა ახალ პარლამენტში ანგარიშგასაწევი უმცირესობა მაინც შექმნან, მაგრამ ეს, აპრიორი, გამორიცხულია და მაგასაც გეტყვით, ჩემი გათვლით, პარლამენტში რომელი პარტიები შევლენ, მაგრამ ჯერ იმის მოყოლას დავამთავრებ, რაც დავიწყე.
ერთი სიტყვით, რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკური ფეისები იძულებულნი გახდებიან, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ და მიტინგიც მოაწყონ, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს ის ხალხი არაა, რომელიც ქუჩაში ათასობით ადამიანს გამოიყვანს. სამაგიეროდ, ყველაფერ ამით შეიძლება, ძალიან კარგად ისარგებლონ ნაციონალებმა და ვითომ იდეური უთანხმოების მიუხედავად, რუსეთის მოყვარულების პროტესტს შეუერთდნენ. ყველაფერ ამას კი იმავე დასავლეთის მხრიდან სხვა რეზონანსი ექნება, რადგან, გვინდა თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობას" დასავლეთში ევროპის სახალხო პარტიის სახით, სერიოზული ლობისტი ჰყავს.
ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ალბათ, ისინი, ვინც „ნაცმოძრაობა" სხვადასხვა დროს დატოვეს და ახალ-ახალი პოლიტიკური გაერთიანებები შექმნეს. საერთოდ, პირადად მგონია, რომ ეს გამოქცევაც რაღაც დიდი სცენარის შემადგენელი ნაწილი იყო, რომლის საბოლოო სამიზნე 8 ოქტომბრის არჩევნებია, - უყვება „ვერსიას" კონფიდენციალური წყარო, რომელიც თავისი ვინაობის გამხელისგან, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, თავს იკავებს და ხუმრობს, - ვერ ხედავთ, ხალხს რა პანტა-პუნტით უსწორდებიან, მე კი, შვილები მყავს და მინდა, შვილიშვილებსაც მოვესწრო".
კიდევ ერთი წყარო „ვერსიასთან" კონფიდენციალური დიალოგისას უფრო რადიკალურია და პირდაპირ ამბობს:
„ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: 8 ოქტომბერს, როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურება, დიდი „ბათქი" აიწევა და შეიძლება, ისეთი რაღაცებიც მოხდეს, დედა შვილს არ აიყვანს ხელში".
„ვერსიის" კითხვაზე, თუ სადაა მოსალოდნელი ვითარების დაძაბვა, წყარო ამბობს, რომ ამ მხრივ ფეთქებადსაშიში სამეგრელოა.
„თქვენ, რა, გგონიათ, სანდრა ზუგდიდის მაჟორიტარად ტყუილად დაასახელეს? ნაცებს შეიძლება, ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ნაღდად ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური თამაშები არ იციან, თუმცა სხვა საქმეა, ეს თამაში რამდენად სუფთაა. მოკლედ, სანდრას რაღაც რეიტინგი სამეგრელოში მართლა აქვს, მაგრამ არა იმდენი, ყოფილ მმართველ პარტიას „პარავოზად" ჩაებას და არჩევნები მოაგებინოს.
ნაცებს კი მარტო სანდრას გამარჯვება არ დააკმაყოფილებთ. მათ უნდათ, ხელისუფლებაში რაღაც ფორმით დაბრუნდნენ და პარლამენტში რამდენიმე კომიტეტი მაინც „დაითრიონ", მაგრამ ერთია, რა უნდათ, მეორე კი ის რეალობაა, რომელიც არის. სხვათაშორის, ხაინდრავას ფილმზე ამხელა აჟიოტაჟი სწორედ ამიტომ ატეხეს, რომ არ უნდათ, ხალხმა ის ყველაფერი გაიხსენოს, რაც მათ დროს ხდებოდა", - აცხადებს „ვერსიასთან" საუბარში წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაძაბულობის თუნდაც უმნიშვნელო კერა რეალურად შეიქმნება, უცებ მიშა გამოგვეცხადოს.
„კი ბატონო, მიშაზე შიდაძებნაა გამოცხადებული და როგორც კი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, დაიჭერენ, მაგრამ ჯერ ერთი, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და ამიტომ, მის დაკავებას დიდი ალბათობით, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება, რაც ნაცებს აწყობთ კიდეც. მეორეც, მიშას საქართველოში გამოჩენა, რომც არ დაიჭირონ, პოლიტიკურ მუხტს აწევს, რაც ასევე, ნაცების წისქვილზე დაასხამს წყალს. ხომ გაგიგიათ, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა ადვილიაო. არ ვამბობ, რომ თუ ეს ყველაფერი მართლა მოხდა, ვითარება გადატრიალებამდე მივა, მაგრამ მინიმუმ, შეიძლება, არჩევნების ლეგიტმურობა დადგეს დღის წესრიგში და ხელისუფლება იძულებული გახდეს, მთელ ქვეყანაში თუ არა, საარჩევნო უბნების უმეტესობაში ახალი კენჭისყრა დანიშნოს, რაც მომგებიანი არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ იქნება ანუ ისევ ამღვრეული წყლის პრინციპი ამოქმედდება და ამ ყველაფრით შეიძლება, მესამე ძალამაც ისარგებლოს", - აღნიშნავს „ვერსიის" კონფიდენციალური წყარო.
„ვერსია", ბუნებრივია, არ ამტკიცებს, რომ ჩვენი წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარია. ჩვენ, უბრალოდ, პოლიტიკურ და ანალიტიკურ კულუარებში გავრცელებული ის ვერსიები გაგაცანით, რომელთა მიხედვითაც, შეიძლება, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მოვლენები განვითარდეს, თუმცა აქვე, იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ყველა ეს ვერსია, უბრალოდ, შემოგდებულია ანუ სახეზეა შეთქმულების თეორია, რაც მასების დაზაფვრას ემსახურება. დაზაფრულ გარემოში არჩევნების ჩატარება კი, მინიმუმ, არაკომფორტულია", - წერს გაზეთი.