პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, სადაც საუბარია, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. პროგრამაში ნათქვამია, რომ 2020 წლისთვის დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა და 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 360 ათასი ადამიანი.
„ქართული ოცნება" მკაფიო გეგმით განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას:
- საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის „ქართული ოცნება" გეგმავს რევოლუციური ნაბიჯების გადადგმას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, გაგრძელდება ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა, არსებული გზების რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება. ქვეყნის მასშტაბით აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი შიდა საავტომობილო გზები. ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან და დედაქალაქთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისა და გადაადგილებისათვის. ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში და გაზრდის მისი, როგორც ტრანზიტული ჰაბის დატვირთვას. 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა. შედეგად, საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რეგიონების დაკავშირებას;
- ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა „ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნის მიღწევა ეტაპობრივად განხორციელდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობასი. 2020 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 360 ათასი ადამიანი. აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგების წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ყვარელში, ხაშურში, ფოთში, ურეკში, ჭიათურაში, გუდაურში, ბაკურიანში, ბოლნისში, მარნეულში, თელავში, წყალტუბოში, ქობულეთში, ანაკლიაში, მესტიაში, ხონში, ვანში, ბაღდადში, ონში, აბასთუმანში, ვალეში, ცაგერში, ნორიოში, მარტყოფში, ვაზიანსა და ახალ სამგორში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და უახლოეს მომავალში დასრულდება წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები პანკისის ხეობის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში, რის შედეგადაც 20 ათასამდე ადამიანისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი.
-ნარჩენების მართვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები, მოხდება არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანა სტანდარტებთან ან დახურვა, აგრეთვე სტანდარტების შესაბამისად ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობა; ეტაპობრივად დაინერგება ნარჩენების სეპარირების და გადამუშავების სისტემები;
- აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.