ნეპალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, დაღუპულთა უმეტესი ნაწილი ნაპოვნია საცხოვრებელი სახლების ნანგრევებში, რომლებიც როგორც წესი, კლდის ჩამოშლილი ქანებისა და ქვებისგან იყო აშენებული.
„სამაშველო ოპერაციას ართულებდა ის ფაქტი, რომ მთაში გაშენებულ ბევრ სოფელში მხოლოდ ფეხით იყო მისვლა შესაძლებელი. გზები ასევე ჩახერგილი იყო მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მეწყერული მასით“, - წერს 1News.
ცნობისთვის, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 400 კმ-ში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიშიც კი იგრძნობოდა.
ნეპალი ძლიერ სეისმურ ზონაში მდებარეობს. 2015 წელს აქ 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრას 9 000 ადამიანი ემსხვერპლა, მილიონამდე შენობა კი დაინგრა.