საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაური (90კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში სერბ ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში იპონით წააგო. კონტინენტის პირველობაზე რამდენიმე წუთში ასევე ფინალში იჭიდავებენ ილია სულამანიძე (100კგ) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი.
შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ქართველი, ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.