უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო სასამართლოზე ბოლო სიტყვით უნდა გამოსულიყო, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოცხადების თარიღს დანიშნავდა.
მოსამართლემ პროკურორებისა და ადვოკატების შემაჯამებელი სიტყვების შემდეგ პროცესი 9 მარტისთვის გადადო და დარბაზი დატოვა. სავჩენკოს საბოლოო სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
სავჩენკოს ბოლო სიტყვის სრული ტექსტი მის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
„არ ვაღიარებ დანაშაულს, არც განაჩენს და არც რუსულ სასამართლოს. გამამტყუნებელ განაჩენს არ გავასაჩივრებ. მინდა, მთელმა დემოკრატიულმა ცივილიზებულმა სამყარომ გააცნობიეროს, რომ რუსეთი მესამე მსოფლიოს ქვეყანაა, ტოტალიტარული რეჟიმითა და ტირანი დიქტატორით, რომელიც ზედ აფურთხებს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო ღირებულებებს.
აბსურდულია ვითარება, როცა მათ, ვინც ადამიანებს იტაცებენ და აწამებენ, შემდეგ თავი მოაქვთ, რომ უფლება აქვთ, ეს ადამიანები გაასამართლონ კიდეც. რა სამართლიან სასამართლოზე შეიძლება აქ საუბარი?! რუსეთში არ არსებობს სასამართლო სისტემა და გამოძიება! აქ არსებობს მარიონეტი თოჯინების ფარსი, რომელსაც კრემლი მართავს. ზედმეტად მიმაჩნია ჩემი ცხოვრების დრო ამ ფარსში მონაწილეობაში დავხარჯო.
სწორედ ამიტომ, არ ვაპირებ განაჩენის გასაჩივრებას, თუმცა: გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გავაგრძელებ შიმშილობას კიდევ 10 დღით, სანამ განაჩენი ძალაში შევა და მნიშვნელობა არ აქვს, ითარგმნება თუ არა ის უკრაინულ ენაზე, რადგან დროის გაწელვა მათაც ეხერხებათ. 10 დღის შემდეგ გამოვაცხადებ მშრალ შიმშილობას, რის შემდეგაც რუსეთს ექნება მხოლოდ 10 დღე იმისთვის, რომ დამაბრუნონ უკრაინაში, საიდანაც გამიტაცეს! არ მადარდებს, როგორ მოახერხებენ და დაასაბუთებენ ამას! მსმენია პეტრო ალექსეევიჩ პოროშენკოს საკმაოდ კარგი დიპლომატიური უნარების შესახებ. იმედს ვიტოვებ, რომ მისი ეს შესაძლებლობები ეყოფა რუსეთში ერთ იდიოტთან მოლაპარაკებას. ის ხომ დაჰპირდა დედაჩემს, რომ 2015 წლის მაისის დღესასწაულებს სახლში შევხვდებოდი.
და სანამ ჩემზე ივაჭრებენ, მე სიცოცხლესთან ჭიდილში ვიქნები და რუსეთს საბოლოოდ მაინც მოუწევს ჩემი დაბრუნება უკრაინაში - ცოცხალს ან მკვდარს, მაგრამ დამაბრუნებენ!
და მთელი ამ 10 დღის განმავლობაში ციხის კართან დღედაღამ იდგება ჩემი და და დამელოდება - გამომიშვებენ თუ გამომასვენებენ. და თუ მასაც დაიჭერთ, მის ადგილზე მოვა და დადგება დედაჩემი, რომელიც 77 წლისაა. მასაც დაიჭერთ? მაშინ მის ადგილზე მოვა და დადგება ჩემი დაქალი, მის ადგილზე კი უკრაინელი უკრაინელზე მოვა! და გახსოვდეთ - ყველას ვერ გამოგვკეტავთ! და სანამ ჩემი თანამემამულეები იდგებიან, უბრალო, პატიოსანი რუსები ახლო-მახლო სახლებიდან დაიწყებენ მათთვის ცხელი ჩაის, ბუტერბროდებისა და თბილი პლედების მიტანას, რადგან ყოველ მათგანს კარგად ესმის, ხვალ ჩემს ადგილას შესაძლებელია მათი შვილები აღმოჩნდნენ, აღმოჩნდნენ ამ ციხეში, რომელსაც ეწოდება რუსეთი!
აი ასე იწყება მაიდანები! გინდათ ეს? თქვენ ხომ ამის ცეცხლივით გეშინიათ! ამიტომ კრემლს ურჩევნია, დამაბრუნოს უკრაინაში, რაც შეიძლება მალე და ცოცხალი!
დემოკრატიული ღირებულებების მატარებელმა მსოფლიომ კი დროზე უნდა გაითავისოს ისტორიის გაკვეთილი - თავის დროზე ევროპა ტოლერანტული იყო ჰიტლერის მიმართ, ამერიკა კი ვერ აღმოჩნდა საკმარისად კატეგორიული და ამან მეორე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა. პუტინი - ესაა ტირანი იმპერიალისტის თვისებებით, ერთად აღებული ნაპოლეონისა და ჰიტლერის კომპლექსებით! დათვს ადამიანის ენა არ ესმის, მას ესმის მხოლოდ ძალა. თუ ჩვენ უფრო კატეგორიულები არ გავხდებით და დროულად არ განვსაზღვრავთ სწორ პრიორიტეტებს, მალე მესამე მსოფლიო ომამდე მივალთ!
და მე, აწ უკვე პოლიტიკოსი, არ ჩამოვართმევ ხელს რუსეთს პოლიტიკურ არენაზე. ხელს ვერ გავუწვდი ჩამოსართმევად მათ, ვისაც ხელბორკილებით ვყავდი დამწყვდეული, ჩემი ერი კი - ხუნდებში. თუმცა ნებისმიერი ჩემი გადაწყვეტილების მიღებისას, მუდამ ვიფიქრებ, როგორ აისახება ეს უბრალო ხალხზე - უკრაინელებზეც და რუსებზეც. იმიტომ რომ, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთში ბევრი პატიოსანი და კეთილი ადამიანი ცხოვრობს", - ნათქვამია ნადეჟდა სავჩენკოს ბოლო სიტყვაში.