"რეალურად, არ მეგულება ამ 27 ქვეყნიდან რომელიმე სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ევროკომისიის პოზიტიური დასკვნის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ხმა, "- ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებთანაც ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს კარგი ურთიერთობები არ ჩამოუყალიბდა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო და მაგალითად პოლონეთი მოიყვანა. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლონეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია.
„ჩვენ პოლონელებთან ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავარკვიეთ. მათ რა თხოვნებიც ჰქონდათ, იგივე ექიმების დაშვება, ზუსტი ინფორმაციის მიღება სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი შევუსრულეთ. ამიტომ, პოლონეთი, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. შესაბამისად, ისინი არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
ყველა შეხვედრაზე, ყველა დედაქალაქში, სადაც ჩვენ ვიყავით, იქნება ეს საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაცია, ყველა ქვეყნისგან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ თუ ევროკომისია პირობებს შესრულებულად ჩათვლის, მაშინ დაგვიჭერენ მხარს, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა სამხარაძემ.