„კიდევ ბევრ ჯგუფად დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის მოწოდება კიდევ ერთი ბზარის შემტანი იქნება მათ პარტიულ სხეულში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„სანამდე ეს პარტია იქნება პოლიტიკაში, მანამდე ეს ქვეყანა ვერ მოისვენებს. ადამიანები, რომლებიც მუდამდღე იმაზე ფიქრობენ, როგორმე ქვეყანა დაამარცხონ, უკან დახიონ, ხელისუფლება დაამხონ. არიან რევანშიზმის რაღაც დაუოკებელი სურვილით აღტკინებული. ვერაფრით მოთოკეს პოლიტიკური ვნებები თავის თავში. რაც უფრო ნაკლები ნაციონალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, ან სულ თუ არ იქნება, ეს მხოლოდ დადებითად წაადგება ჩვენს ქვეყანას.
კიდევ ბევრ ჯგუფად დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის მოწოდება კიდევ ერთი ბზარის შემტანი იქნება მათ პარტიულ სხეულში. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახალგაზრდა ადამიანები მოხვდებიან მათ მომავალ სიაში თუ ძველგაზრდები, მაინც ერთ თარგზე არიან მოჭრილები და მაინც სააკაშვილის მემორიალურ ოთახთან არიან ყველანი შეკრებილები და პირჯვარს იწერენ მის ბოტასებზე. რა მნიშვნელობა აქვს, ძველგაზრდა ადამიანი გადაიწერს მის სპორტულ ფეხსაცმელზე პირჯვარს თუ ახალგაზრდა ადამიანი. პარტიულ ფეტიშიზმს ასაკობრივი გარჩევა არ აქვს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ვინ დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მიღმა - პატიმარი სააკაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეებია საჭირო და თანაპარტიელებს ამ მიმართულებით მუშაობისკენ მოუწოდებს. სასამართლო დარბაზში სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ პარტიაში ურთიერთუნდობლობისა და დაძაბულობის ახალი ეტაპი გახსნა. პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა მოგვიანებით განმარტა, რომ მისი განცხადება ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკას არ ეხებოდა და ის პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე საუბრობდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ თავს დიდი უბედურებაა და მნიშვნელობა არ აქვს, მათ სიაში ვინ იქნება, ვინაიდან პარტიის მიზნები უცვლელი დარჩება.