logo_geo
eng_logo
ბორის ბედია: ჩვენს ირგვლივ ისეთი რეალობაა შექმნილი, სიმღერაზე კი არა, მშვიდობაზე უფრო ვდარდობთ ადამიანები
- +

6 ნოემბერი. 2023. 10:24

 

 

მომღერალი ბორის ბედია საზოგადოებამ წლების წინ „ჯეოსტარით“ გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ მან კონკურსში ვერ გაიმარჯვა, საზოგადოების სიყვარული მალევე დაიმსახურა და ფილარმონიის დარბაზში შეკრებილი მსმენელი არაერთხელ ფეხზე დააყენა და უწყვეტი ტაში დააკვრევინა. ბორის ბედია ახლა არცთუ ისე ხშირად ჩნდება ტელეშოუებსა და კონცერტებში, ამის მიზეზს კი თავად მომღერალთან გავარკვევთ, რომელიც დღეს „რეპორტიორის“ სტუმარია.

 

- ბორის, მინდა, ჩვენს მკითხველს თქვენი ბავშვობის შესახებ მოუყვეთ, როგორ და როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში სიმღერის ნიჭი და რა ასაკიდან აირჩიეთ სიმღერა პროფესიად?

 

- მუსიკალურ ოჯახში დავიბადე, მამაც და დედაც ძალიან კარგად მღეროდნენ, ამას გარდა, მამა ანსამბლ „გორდაშიც“ ცეკვავდა... მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა მე და ჩემს დას გენეტიკურად მოგვდგამს. თავიდან, მეც მამასავით ცეკვა მიზიდავდა და „სუხიშვილების აკადემია“ დავამთავრე კიდეც, თუმცა, საბოლოოდ მაინც სიმღერის სიყვარულმა გადაწონა და ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთადერთი და განუმეორებელი ტომ ჯონსის გავლენაც იყო, მე რომ მომღერლის პროფესია ავირჩიე, რადგან ბავშვობიდან ვეთაყვანები ამ გენიალურ შემსრულებელს. ყოველთვის მინდოდა, მასავით და ბევრი სხვა დიდი მომღერლის მსგავსად მემღერა, საუბარი მაქვს ფრენკ სინატრაზე, ტონი ბენეტზე, ელვის პრესლიზე, ფრედი მერკურისა თუ ჩვენს უკვდავ „ივერიაზე“. სწორედ ამ ადამიანების გავლენით ჩამოვყალიბდი პროფესიონალ მომღერლად. ყველა მათგანისგან ვისწავლე რაღაც ახალი და მათმა შემოქმედებამ მე, როგორც შემსრულებელი, ძალიან გამზარდა და განმავითარა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა, პროფესიულად შესრულება გვიან ასაკში, უკვე სტუდენტობისას დავიწყე. 2000-იანი წლების დასაწყისში „ტელეიმედზე“ კონკურსი სახელად „ნუცას სკოლა“ გადიოდა და პირველი პოპულარობა სწორედ ამ პროექტმა მომიტანა. კონკურსი ეთერში დილაადრიან გადაიცემოდა და, შეიძლება ითქვას, რომ უთენია მიწევდა ისეთი სიმღერების შესრულება, რომლებსაც „ხმის გახურება“ სჭირდება, რაც არცთუ ისე ადვილია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამ ამოცანას თავი ძალიან კარგად გავართვი.

 

- „ნუცას სკოლას“ მოჰყვა „ჯეოსტარი“. ამ პროექტმა თქვენ საყოველთაო აღიარება, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოგიტანათ. მინდა, ამ კონკურსში მონაწილეობის ისტორია გაიხსენოთ და ამასთანავე, შემსრულებელზე კონკურსის გავლენაზეც რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება... ამას იმიტომ გეკითხებით, რომ არაერთი შემსრულებელი გვინახავს, რომლებიც კონკურსის დასრულების შემდეგაც სხვისი სიმღერების „ქავერების“ შემსრულებლებად დარჩნენ და ნაკლებად იზრუნეს საკუთარი ინდივიდუალიზმის განვითარებაზე. ამ გადასახედიდან, როგორია თქვენი შეხედულება „ჯეოსტარზე“ და საერთოდ, კონკურსების ფენომენზე?

 

- დამწყები შემსრულებლისთვის კონკურსი არაჩვეულებრივი საშუალება და უფასო რეკლამაა. ეს არაჩვეულებრივი გზაა იმისთვის, რომ ხალხს გააცნო და შეაყვარო თავი, მაგრამ კონკურსს უარყოფითი მხარეებიც აქვს. პირველი, რასაც გამოვყოფდი, ეს მათზე პოლიტიკური გავლენაა. ჩემს დროს ახალი დამთავრებული იყო 2008 წლის ომი და კონკურსზე მთლიანი აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ გაემარჯვა გორის წარმომადგენელს. ეს იმთავითვე სასაცილო მიდგომა იყო, ვინაიდან ვისაც არ უნდა გაამარჯვებინო სიმღერის კონკურსში, ამით დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებ, კონკურსს კი უსამართლოს გახდი. „ჯეოსტარმა“ მაინც დიდი გამოცდილება მომცა და პროფესიულად გამზარდა. მახსოვს, როცა „კარუზო“ ვიმღერე, ხალხმა ბისზე ორჯერ გამიყვანა, დაინგრა დარბაზი ტაშითა და ოვაციებით. წესით, მე უნდა გამემარჯვა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა... მიუხედავად მარცხისა, კონკურსმა ხალხის სიყვარული მაჩუქა, რაც ნებისმიერი არტისტისთვის შეუფასებელი საჩუქარია. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს და კონკურსების გავლენას მონაწილეზე, გეტყვით, რომ ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და არა მხოლოდ საქართველოს, ამას კი, თავისი ლოგიკური ახსნა აქვს... ისეთი ლამაზი ჰიტები, რომლებიც 50-იან, 60-იან თუ 70-იან წლებში დაიწერა, დღეს სამწუხაროდ, აღარ იწერება. რაც დღეს ჰიტდება, ხალხი მალევე ივიწყებს, მსმენელი კი, შენგან ყოველთვის უკვდავი ნომრების შესრულებას ითხოვს და სწორედ ამიტომ გვიწევს ძველი შლაგერების შესრულება. მაგალითისთვის მოვიყვან 70-იანებში დადგმულ უკვდავ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც 2018-2019 წლებში ისევ ანშლაგით ჩატარდა. ხალხს ეს გენიალური მიუზიკლი არასოდეს მობეზრდება და სწორედ ამის შედეგი იყო, „ბლექ სი არენზე“ ფეხზე მდგომი და ატირებული 10 000 ადამიანი რომ გვიკრავდა ტაშს. ის, რაც სამუდამოდ დარჩა მუსიკალურ სამყროში, მუდამ ეყვარება მსმენელს, ამიტომ რთულია, არ შეასრულო ძველი, ოქროს ჰიტები და ხალხს ეს სიამოვნება არ მიანიჭო...

 

- ალექსანდრე ბასილაიასა და ჯემალ ბაღაშვილის უკვდავი მიუზიკლი ახსენეთ და არ შემიძლია არ მოგაყოლოთ მასთან დაკავშირებული ისტორია... როგორი შეგრძნება იყო, როცა გაიგეთ, რომ „ჩხიკვთა ქორწილის“ დიდი ისტორიის ნაწილი ხდებოდით და ცნობილი „ყვავის არია“ სწორედ თქვენ უნდა შეგესრულებინათ?

 

- ერთ მშვენიერ დღეს ვზივარ სახლში, ვისვენებ, ვუსმენ მუსიკას და რეკავს ტელეფონი, ვიღებ და ბატონი ჯემალ ბაღაშვილი პირდაპირ მეუბნება: „ბორია, ბორია, ახლა ვაკეთებთ „ჩხიკვთა ქორწილს“ და ყვავი იქნები შენ, ყვავიო!“ (ეს წინადადება ბორისმა ბატონი ჯემალის ხმით წარმოსთქვა). საოცრად გამახარა ბატონი ჯემალის ამ შემოთავაზებამ, რადგან „ყვავის არია“ ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. ვისაც კი ოდესმე ეს არია შეუსრულებია, ის ყველამ თავისებურად იმღერა და მინდოდა, მეც ჩემებური ხელწერით შემექმნა მისი ახალი ვერსია. არია ჩემს ხმას მოვარგე და მასზე ძალიან ბევრი ვიშრომე. ამ შრომამ კი, საოცარი შედეგი გამოიღო, 2018-2019 წლებში მიუზიკლი სრული ანშლაგით ჩატარდა. როცა „ყვავის არია“ შევასრულე, ხალხის ისეთი სიყვარული და აღფრთოვანება ვიგრძენი, რაც ნებისმიერი შემსრულებლისთვის საოცნებო იქნებოდა!

 

- ბორის, თქვენ პოპულარობის ზენიტში იყავით, მსმენელმა შეგიყვარათ, მიგიღოთ და გაღიარათ, მაგრამ ახლა ეს პოპულარობა ცოტა მინელებულია. მოგვიყევით, როგორ გრძელდება თქვენი კარიერა, რატომ ჩანხართ ტელევიზორებსა და სოცქსელებში შედარებით იშვიათად და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

 

- რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან? იმიტომ, რომ სამწუხარო რეალობაა შექმნილი ჩვენს ცხოვრებაში. გახსოვთ სააკაშვილის დროინდელი ე.წ. კარის მომღერლები? ჰოდა, ეს „სასტავი“ სააკაშვილიდან ამ მთავრობის „კარის მომღერლებად“ გადმოპორტირდნენ და დაიკავეს მთელი ტელესივრცე. ტელევიზიები ორ ნაწილად დაიყო, მე კი, არც ერთი მხარის „კარის მომღერალი“ ვარ და არც მეორის... მე არც სამთავრობო ტელევიზიები მწყალობენ და არც ლიბერალურები. ჩემი ტრადიციული მენტალიტეტისა და კონსერვატიული შეხედულებების გამო მათთვის მიუღებელი პერსონა ვარ და იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ მთვლიან.

 

- ამ ვითარებას, ალბათ, ძალიან განიცდით...

 

 - უსამართლობა ყოველთვის გულსატკენია, მაგრამ ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი. მე ვუყვარვარ ჩემს მაყურებელს, ჩემს მსმენელს და ჩვენ ყოველთვის ვიპოვით ერთმანეთისკენ მიმავალ გზებს. ასეთ არასწორ ეპოქაში არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა ბატონ ჯემალ და გია ბაღაშვილებს, რომლებიც აფასებენ ნიჭიერ ადამიანებს და გამუდმებით უთმობენ მათ ასპარეზს. რაც შეეხება მომავალს, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ცოტა ძნელია, რადგანაც ჩვენს ირგვლივ ისეთი რეალობაა შექმნილი, რომ სიმღერაზე კი არა, მშვიდობაზე უფრო ვდარდობთ ადამიანები. არავინ იცის, ხვალ რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება მსოფლიო, ამიტომ, ვერაფერს დაგეგმავ... ისე კი, დიდად არც მიყვარს მომავლის დაგეგმვა, რადგან  ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში კარგი მომხდარა, ძირითადად სპონტანურად და დაუგეგმავად მოხდა... ასე იქნება ალბათ ახლაც, ამიტომ მშვიდად გავუყვები ცხოვრების დინებას!

 

- და ბოლოს, არ შემიძლია, ჩვენი ინტერვიუ სოფო ბედიას ხსენების გარეშე დავასრულოთ... თქვენი პოპულარობის შემდეგ, სცენაზე თქვენი და - სოფო გამოჩნდა და ისიც ისევე შეიყვარა მსმენელმა, როგორც თქვენ. მაგრამ, როცა ერთი ოჯახიდან ორი ადამიანი ხდება ცნობილი, ყოველთვის იწყება მათი ერთმანეთთან შედარება. და-ძმა ხართ თუ არა ერთმანეთის კონკურენტები და როგორაა თქვენს შემთხვევაში, სოფო ბედიაა ბორის ბედიას თუ ბორის ბედიაა სოფო ბედიას ძმა?

 

- დამეთანხმებით, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და დარწმუნებული ვარ, ეს ისეთივე სახალისო და სახუმრო შეკითხვაა, როგორი სახალისოც იყო ხუმრობები სოფო ბედიას ქმარზე (იცინის). დაე, მეც მერქვას სოფო ბედიას ძმა, ამით ყოველთვის ვიამაყებ. მეტიც, მსგავს გამონათქვამებზე ჩვენც კარგად ვხალისობთ ხოლმე.  ჩემსა და სოფოს შორის კონკურენცია არ არის, მხოლოდ სიყვარულია. სოფო არაჩვეულებრივად ასრულებს იმ სიმღერებს, სადაც ქალის ტემბრია საჭირო, მე კი იმ ნომრებს, რაც მამაკაცის ტემბრისთვის დაიწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსმენელებისთვისაც ჩვენ და-ძმა ვართ და არა - კონკურენტები, რადგან, ვფიქრობ, ორივენი კარგად ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც გვიყვარს და, რაც ასე აბედნიერებს ჩვენს მსმენელს, სულ ესაა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner