ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.
აღნიშნულ მისამართზე არსებული საბავშვო ბაღის შენობას, რომელიც ავარიული იყო, დემონტაჟი უტარდება, მის ნაცვლად კი ახალი ბაღი აშენდება.
თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი, ადაპტირებული საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში მომდევნო წელს შევა. ბაღი 100 აღსაზრდელზე იქნება გათვალისწინებული.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს, ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდა 3 და მიმდინარეობს კიდევ 3 ბაღის მშენებლობა. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 16 ბაღს უტარდება რეაბილიტაცია, აქედან სამუშაოები უკვე დასრულდა 4 მისამართზე, 12 ბაღში კი, ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. რაც შეეხება მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში კვების საკითხს, ყველა ბაღისთვის შემუშავებულია ერთნაირი მენიუ. კვება არის ხარისხიანი, ჯანსაღი და დაბალანსებული.
პროექტის ფარგლებში, ბაღის ეზოში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საპარკო სკამები, მოეწყობა გარეგანათების სისტემა და დაიგება მწვანე საფარი.
სამუშაოების ღირებულება 2 113 000 ლარს აღემატება.