logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, ასე გააგრძელონ, კარგია
- +

6 ნოემბერი. 2023. 12:42

 

 

„მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, თან ხვდება, არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა, ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, ასე გააგრძელონ, კარგია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„ბუნების კანონია, რომ აგრესია და ნეგატიური ქმედება თვითდესტრუქციას იწვევს. 12 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნით ისეა გამწარებული, რომ მისი ყოველი ნაბიჯი თვითდესტრუქციაა. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ მარტივ მამრავლებლად დაიშალნენ და ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ასევე გამოიხატება იმაშიც, რომ მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და ამბობს, რომ არავის ენდობა და პარტიის მოქმედი წევრები უნდა გაიწიონ და გზა დაუთმონ უცნობ სახეებს. მეორე დღეს კი, თავისივე ნათქვამი უარყო და თქვა, რომ ნიკა მელიასი სწამს. არც ამ პარტიის ბელადმა და არც პარტიამ არ იციან, გამოსავალი რა არის. ეს ადამიანი არცერთ თავის თანაგუნდელს არ ენდობა და თან ხვდება, რომ არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა. ამიტომ, ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს. ასე გააგრძელონ, კარგია“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“. გუშინ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-პოსტში კი სააკაშვილი წერს: „მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე, ჩემს გამოსვლაში ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner