„რადიკალურმა ოპოზიციამ 8 ნოემბრამდეც ვერ მოითმინა, ნიღაბი ჩამოიხსნა და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. ვინაიდან იციან, რომ დიდი ალბათობით, სტატუსს მოგვცემენ, ამბობენ, საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, მაგრამ მიეცითო“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ეს არის პირდაპირი შტურმი ევროინტეგრაციაზე.
„გვარამიათი დაწყებული, სამადაშვილით დამთავრებული, ცალ-ცალკე თუ ერთდროულად, ბრიუსელში ჩადიან და ამბობენ, რომ საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსისთვის პირობები შესრულებული და რატომ აძლევთო. ვინაიდან, მათ იციან, რომ სტატუსის მონიჭების ალბათობა დიდია, ამიტომ ამბობენ, მაინც მოგვეცით სტატუსიო. ამ დონეზეა პირდაპირი შტურმი და შეტევა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ამ დროს ამბობენ, თითქოს ხელისუფლებას არ უნდოდა კანდიდატის სტატუსი. ეს რატომ ხდება? ოპოზიციის თავზე ასრულდა ბიბლიური სიტყვები – „არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს“. გაცხადდა, რომ ისინი იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ახლა, როცა ამას მიხვდნენ, ბრიუსელს ეხვეწებიან, როგორმე კანდიდატის სტატუსი დაამძიმონ და ისე მისცენ საქართველოს, რადგან იციან, რომ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ამიტომაც მეორედ მოსვლის მსგავსად ეშინიათ 8 ნოემბრის დასკვნის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.